ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე დონეცკის ე.წ. რესპუბლიკასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აწესებს

10 მარტი, 2022 •
აფხაზური მხარე დონეცკის ე.წ. რესპუბლიკასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აწესებს

აფხაზეთის დე ფაქტო  ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობები დააწესა მის მიერ 26 თებერვალს სახელმწიფოდ აღიარებულ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან”.

აფხაზეთის დე ფაქტო  საგარეო უწყების ინფორმაციით, ამჟამად მზადდება “მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პროექტი, რომელიც გახდება აფხაზეთის რესპუბლიკასა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკას შორის სახელშეკრულებო- სამართლებრივი ბაზის ფორმირების საფუძველი”.

“აფხაზეთის რესპუბლიკა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციის კურსს, რომელიც უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისკენ ისწრაფვის”, – ვკითხულობთ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 26 თებერვალს ცნო. აფხაზეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. უკრაინის ორივე რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უკვე ჰქონდა აღიარებული დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

აფხაზეთმა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი