ახალი ამბები

„წარმოუდგენელ რაღაცას ჰყვება ვიღაც“ — დავითაშვილი შვეცის განცხადებაზე

7 მარტი, 2022 • 2633
„წარმოუდგენელ რაღაცას ჰყვება ვიღაც“ — დავითაშვილი შვეცის განცხადებაზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ არ იცის, ვინ არის იური შვეცი და არ ადასტურებს მის ინფორმაციას რუსეთის მიერ საქართველოს მეშვეობით სანქციების გვერდის ავლის გეგმის შესახებ.

„ეს საერთოდ არ ვიცი, რა არის. წარმოუდგენელ რაღაცას ჰყვება ვიღაცა ადამიანი. არ ვიცი, რა ეროვნებისაა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა და საერთოდ რას საუბრობს. პირველად გავიგე ეს სახელი და გვარიც. თვითონ განმარტოს,  ფაქტები და მეტი კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, თუ რამე გააჩნია. სტანდარტული უაზრო სპეკულაციაა მგრძნობიარე პერიოდში“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამჟამად აშშ-ის მოქალაქემ, КГБ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჟურნალისტმა იური შვეცმა თავის ვიდეობლოგში განაცხადა, თითქოს ცნობილი გახდა, რომ რიგმა სახელმწიფოებმა, მათ შორის, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა, კრემლთან საიდუმლო მოლაპარაკებები აწარმოეს და შეუთანხმდნენ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლით დახმარებაზე.

„ამ ქვეყნების გარდა, კიდევ სახელდება თურქეთი და ირანი. მაგრამ ირანი თავად სანქციების ქვეშაა, ამიტომ რუსეთი მისგან განსაკუთრებულ დახმარებას ვერ მიიღებს. თან ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირანის ბირთვული შეთანხმების გაგრძელებაზე, რაც ირანს ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე გატანისა და რუსეთის ნავთობზე ემბაგროს დაწესების შემთხვევაში, დასავლეთისთვის დანაკლისის კომპენსირების საშუალებას მისცემს. რუსეთი ამის წინააღმდეგია“, — განაცხადა შვეცმა.

მისი თქმით, საუბარია იმის შესახებ, რომ თბილისი გახდეს რუსეთიდან საჰაერო გადაზიდვების ჰაბი.

„ანუ იქ დასხდებიან რუსული საქონლით დატვირთული თვითმფრინავები, გადააკრავენ სხვადასხვა იარლიყებს, გაუკეთებენ ახალ ბეჭდებს და რუსეთში წარმოებული საქონელი გაფორმდება როგორც საქართველოში დამზადებული საქონელი“, — განაცხადა შვეცმა.

მისი თქმით, ბალტიის ქვეყნების გარდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმრავლესობაში კორუმპირებული რეჟიმებია და საქმე ეხება დიდი ფულს, კრემლი კი მზადაა, მილიარდები გადაუხადოს ამ სახელმწიფოების ხელმძღვანელებს სანქციების გვერდის ავლით დახმარებაში. შვეცის თქმით, აშშ-ის მთავრობა ამის შესახებ ინფორმირებულია.

„არ მისცეთ თქვენს ხელისუფლებას ამის გაკეთების საშუალება, თორემ საიდუმლო მალევე გაცხადდება და დაისჯებიან საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის“, — დასძინა შვეცმა.

იური შვეცის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში, 2 დღეში საქართველოში დაახლოებით 200 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რომელიც ამ ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რუსეთის ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლას სამი ქვეყნის მეშვეობით ცდილობს.

„ჩვენ ვიცით, რომ პანიკაში მყოფმა მოსკოვმა ახლა დაიწყო  შემოვლითი გზების ძიება, რომ სანქციები აიცილოს. მან მოახერხა მსოფლიოში სამი ქვეყნის პოვნა. ჩვენ ვიცით, რა ქვეყნებია ეს და მზად ვართ ვიმუშაოთ მათთან. ვაპირებთ სხვა პარტნიორებთან ერთად მოლაპარაკებების წარმოებას, რათა არ დავუშვათ მათ მიერ აგრესორის დახმარება“, — განაცხადა კულებამ.

უკრაინაში ომის გამო რუსეთს სანქციები დაუწესეს აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვადასხვა სახელმწიფოებმა. შვიდი რუსული ბანკი გაითიშა SWIFT-ის საერთაშორისო ბანკთაშორისი გადახდის სისტემიდან. გარდა ამისა, ევროკავშირმა გაყინა რუსეთსი ცენტრალური ბანკის აქტივები.

რუსეთი სანქციების გვერდის ავლას 3 ქვეყანის მეშვეობით ცდილობს — კულება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი