ახალი ამბები

გაკვირვებული ვარ… იქნებ, რა აქვს პრეზიდენტს სათქმელი — პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

4 მარტი, 2022 •
გაკვირვებული ვარ… იქნებ, რა აქვს პრეზიდენტს სათქმელი — პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ დასჭირდა ამდენი დისკუსია პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის თარიღის განხილვას.

მისი თქმით, პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა მისი კონსტიტუციური უფლებაა. თუმცა საქართველოს პარლამენტის ბიურომ მხარი არ დაუჭირა 5 მარტს პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენას.

განცხადება, რომ პრეზიდენტს პარლამენტში მისვლა 5 მარტს სურდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2 მარტს გაავრცელა. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, განცხადების გავრცელებამდე პარლამენტთან კონსულტაციები ჰქონდათ.

„ბოლო პერიოდში პრეზიდენტმა ძალიან ბევრი რამე გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შემცირებულიყო და ის ტემპერატურა, რომელიც ქვეყანაში იყო აწეული, საუბრის და დისკუსიის რეჟიმში გადასულიყო. მაგრამ ერთი საკითხი – პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება, რომ ყოველწლიურად წარდგეს პარლამენტის წინაშე და გააკეთოს მოხსენება, ეს იწვევს ორსაათიან გაუგებარ დისკუსიას. სიმართლე გითხრათ, ვერ გამოვიტანე [აზრი], რატომ შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა ამდენი დაპირსპირება ერთამენთში“, — განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

კითხვაზე, ისჯება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მიერ, მსხილაძე ამბობს, რომ ამას ვერ იტყვის.

„მე ვერ გეტყვით, რომ პრეზიდენტი ისჯება. უბრალოდ, ერთი რამ მიკვირს, რომ როდესაც პრეზიდენტს სიტყვა აქვს სათქმელი და არავინ არ იცის, რა უნდა თქვას, რა მოხსენება გააკეთოს, ამაზე იყო ორსაათიანი მსჯელობა, რას იზამს პრეზიდენტი, როგორ გააკეთებს და რა უნდა თქვას. მართლა გაკვირვებული ვარ, რომ რას შეიძლებოდა ეს გამოეწვია. იქნებ, რა აქვს პრეზიდენტს სათქმელი? რა უნდა თქვას თავის მოხსენებაში, ეს იცის მარტო პრეზიდენტმა. ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი“, — განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

საქართველოს პარლამენტის ბიურომ მხარი არ დაუჭირა 5 მარტს პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენას.

როგორც პარლამენტის თავმდჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსნება 9 აპრილს იყო დაგეგმილი. თუმცა ბიუროს სხდომაზევე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ 9 აპრილი შეთანხმება არ ყოფილა.

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის გამო შექმნილი ვითარებისა და მისი ევროპაში გამართული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტს  მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე სურს, რომ მისი მოსმენა სწორედ 5 მარტს გაიმართოს.

თუმცა პარლამენტმა პრეზიდენტს ყოველწლიური მოხსნებისთვის უახლოესი პლენარული სხდომის დღე, 15 მარტი შესთავაზა. დათანხმდება თუ არა პრეზიდენტი 15 მარტს, ამის შესახებ ჯერ ცნობილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი