ახალი ამბები

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური დაიკავეს — უკრაინა

4 მარტი, 2022 • 3200
რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური დაიკავეს — უკრაინა

უკრაინა აცხადებს, რომ გასულ ღამეს განხორციელებული დაბომბვის შემდეგ რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დაკავება შეძლეს.

Reuters ციტირებს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც აცხადებს, რომ ოპერატიული პერსონალი განაგრძობს მუშაობას და ვითარების მონიტორინგს.

მანამდე, ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ სადგურზე ხანძარი გაჩნდა, რასაც წინ უძღოდა რუსეთის მიერ ტერიტორიის დაბომბვა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს. მათივე თქმით, ხსენებულ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და ცეცხლი მოედო არა უშუალოდ რეაქტორებს, არამედ ახლომდებარე ხუთსართულიან სასწავლო ცენტრს.

უკრაინის პრეზიდენტი სხვა ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა და მოუწოდა, სასწრაფოდ მიიღონ ზომები პუტინის “ბირთვული ტერორის” წინააღმდეგ. საუბარი შედგა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროპას, „გამოიღვიძოს“. მისი თქმით, რუსეთს სურს 1986 წელს ჩერნობილში მომხდარი კატასტროფის გამეორება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების — ლუგანსკისა და დონეცკის — აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

რა მოხდა გასულ ღამეს უკრაინაში — მოკლედ

უკრაინა, როგორც საბჭოთა კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ბირთვული ელექტრო სადგურები ააშენეს.

უკრაინაში ამჟამად 4 მოქმედი ბირთვული ელექტრო სადგურია, მათ შორის, ხმელნიცკის, როვნოს, სამხრეთ უკრაინისა და ზაპოროჟიის, იგივე ენერგოდარის სადგურები. ეს უკანასკნელი კი ექვსი რეაქტორითა და გამომუშავებული ენერგიის მოცულობით, ევროპაში უდიდესია.

ზაპოროჟიის ბირთვული სადგური უკვე დაიკავა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა. მანამდე გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ სადგურის ტერიტორიაზე, რუსული თავდასხმის შემდეგ, გაჩნდა ხანძარი, რომელიც რამდენიმე საათი ვერ ჩააქრეს.

უკრაინას უკავშირდიება მსოლფიოს პირველი ბირთვული კატასტროფაც, რომელიც ჩერნობილის სადგურზე მოხდა. კატასტროფას გრძელვადიან პერსპექტივაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბირთვული ენერგიის მკვლევრების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში განლაგებული რომელიმე ბირთვული რეაქტორი დაზიანდება, განმეორდება ჩერნობილის ტრაგედია და შესაძლოა, რომ კატასტროფის მასშტაბები გაცილებით დიდი იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი