საზოგადოება

მოსკოვში დააკავეს ბავშვები, რომლებიც უკრაინასთან ომს აპროტესტებდნენ

2 მარტი, 2022 • 7366
მოსკოვში დააკავეს ბავშვები, რომლებიც უკრაინასთან ომს აპროტესტებდნენ

მოსკოვში სამშვიდობო აქციაზე დააკავეს მშობლები და ბავშვები, რომლებსაც ხელში ეკავათ პლაკატები „არა ომს“. მათ პლაკატები და ყვავილები უკრაინის საელჩოსთან მიიტანეს.

სულ დააკავეს 2 დედა და 5 ბავშვი – ყველაზე უფროსი მათგან 11 წლისაა, ყველაზე პატარა – 7 წლის.

თვითმხილველები და აქტივისტები წერენ, რომ პოლიციის განყოფილებაში მშობლებს წაართვეს ტელეფონები, მათ ემუქრებოდნენ მშობლის უფლების ჩამორთმევით.

ამ დროისთვის ბავშვები უკვე გაათავისუფლეს, თუმცა წინ არის სასამართლო პროცესი, სადაც უნდა განისაზღვროს როგორც ჯარიმის ოდენობა, ასევე სხვა სახის სასჯელი.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსულ ქალაქებში მოქალაქეები საპროტესტო აქციებით გამოვიდნენ. 24 თებერვლიდან 28 თებერვლამდე პერიოდში, ანუ 4 დღეში, ომის გასაპროტესტებლად გამართულ აქციებზე რუსეთის მასშტაბით 6 000-მდე ადამიანი დააკავეს.

დღეს, 2 მარტს, მეშვიდე დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

ომი უკრაინაში — მე-7 დღე რუსეთის შეჭრიდან [განახლებადი]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი