ახალი ამბები

რუსეთი თან მოლაპარაკებაზე საუბრობს, თან გვესვრის – ზელენსკის მრჩეველი

27 თებერვალი, 2022 •
რუსეთი თან მოლაპარაკებაზე საუბრობს, თან გვესვრის – ზელენსკის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი ეხმაურება რუსეთის განცხადებას მოლაპარაკებებზე.

ის ამბობს, რომ ქვეყანა ამ საკითხის მანიპულირებს.

„რუსეთი ცდილობს მოაქციოს უკრაინა მიუღებელი ულტიმატუმის პირობებში, რაზეც ჩვენ მკაფიოდ და კატეგორიულად ვაცხადებთ უარს. ამასთანავე, ისინი ცდილობენ აჩვენონ სამყაროს, რომ თითქოს, ყველაზე მეტად არიან მზად მოლაპარაკებისთვის, ამზადებენ ერთგვარ დადგმას, სახელად – „ჩვენ მივდივართ გომელში“ და იწყებენ ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას ბომბდამშენებითა და მასშტაბურად ესვრიან ჭურვებს ჩვენს დასახლებულ პუნქტებს,“ – უთხრა პოდოლიაკმა ტელეკომპანია „დოჟდს“.

 

ის ამატებს, რომ მოლაპარაკებები უნდა შედგეს „შეთანხმებულ ფორმატში, შეთანხმებულ ადგილას“.

მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებისთვის და უკრაინელებს ბელარუსში, ქალაქ გომელში ელოდება. ამ განცხადებას მალევე უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ზელენსკი ამბობს, რომ საუბროდ უკრაინა მინსკში უკრაინა არ ჩავა.

„ჩვენ რა თქმა უნდა, გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა შეხვედრები, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო – ყველა ეს ქალაქი ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს. და ისეც, ნებისმიერი ქალაქი გვაწყობს, ნებისმიერი ტერიტორია, საიდანაც რაკეტები არ დაფრინავენ. მხოლოდ ასე შეიძლება სამართლიანი მოლაპარაკებების წარმოება. და მხოლოდ ასე შეიძლება ომის დასრულება,“.

ზელენსკი ბელარუსში მოლაპარაკებებზე უარს ამბობს – მიმართვა ბელარუსებს

მე-4 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ომის მესამე დღეს ბრძოლები მიმდინარეობდა იქ, სადაც ისინი დაიწყო და უკრაინის შეიარაღებული ძალების მტრის შეჩერებას ახერხებენ და მათ წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.

უკრაინის შესახებ სიახლეები ლაივ რეჟიმში წაიკითხეთ აქ:

ბრძოლა კიევისთვის – მე-4 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი