რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინაში მებრძოლ ჯარებს შუა საუკუნეების პერიოდის მეომარი თავადის ნეშტის ფრაგმენტი გაუგზავნა და განაცხადა, რომ ეს რელიქვია ჯარისკაცებს „სულიერად გააძლიერებს“ და გამარჯვების მიღწევაში დაეხმარება. ამის შესახებ სტატიას ბრიტანული The Guardian ავრცელებს.

ლუსკუმა, რომელშიც მოთავსებულია დიმიტრი დონსკოის (მე-14 საუკუნის თავადი, რომელსაც რუსეთში 1380 წელს მონღოლთა ოქროს ურდოზე გამარჯვების გამო პატივს სცემენ) მარჯვენა ხელის ნაწილი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში ჩაიტანეს და ახლა მას ფრონტის ხაზზე ატარებენ.

დიმიტრი დონსკოი 1988 წელს რუსეთის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განცხადებაში აღნიშნა: „წმინდა მხედართმთავარი მიდის იქ, სადაც დღეს სამშობლოს ბედი წყდება, რათა უხილავად დაიკავოს თავისი ადგილი იმავე საბრძოლო რიგებში, რომელშიც ჩვენი დამცველები არიან.“

რელიქვია პირველად სამშაბათს ჩაიტანეს უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში, საურ-მოგილას ომის მემორიალთან, სადაც მართლმადიდებელი სასულიერო პირების მაღალმა იერარქებმა რუსეთის სამხედრო წარმომადგენლებთან ერთად ლოცვა აღავლინეს.

რუსეთის მიერ დანიშნულმა დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა განაცხადა, რომ მისი იქ ყოფნა ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს „ძალების მობილიზებასა“ და მტერზე გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება.

“რელიქვიის ეს მოგზაურობა არის უახლესი მაგალითი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ კრემლის ომის ფანატიკური მხარდაჭერისა უკრაინაში, რომელსაც მისი ლიდერი, პატრიარქი კირილე, არაერთხელ წარმოაჩენდა რელიგიურ ჭრილში.

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ეკლესიის იერარქია ღრმად ჩაერთო რუსეთის საომარ ძალისხმევაში. მღვდლები გაგზავნეს სამხედრო ნაწილებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხოლო რუსეთის მასშტაბით ეკლესიებს დაევალათ ლოცვების წაკითხვა, რათა ღმერთს გამარჯვება შესთხოვონ”, – წერს The Guardian.

დონსკოის ნეშტი ოფიციალურად მხოლოდ გასულ თვეში, კრემლში მდებარე მთავარანგელოზის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების დროს ამოიღეს, სადაც რუსი დიდებულებისა და მეფეების არაერთი თაობაა დაკრძალული.

კრიტიკოსებმა ეკლესია დონსკოის მრავალსაუკუნოვანი საფლავის გახსნის გამო რელიგიური პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულეს. მთავრის დაკრძალვის ადგილი დიდი ხანია ცნობილი იყო, მაგრამ ეკლესიას მანამდე, მისი 1988 წელს კანონიზაციის შემდეგ, მისი ნეშტის ექსჰუმაციის მცდელობა არ ჰქონია.

რუსეთის გარეთ მოღვაწე მართლმადიდებელმა მღვდელმა და ისტორიკოსმა, ალექსანდრე ზანემონეცმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დონსკოის კანონიზაციიდან თითქმის ოთხი ათწლეულის შემდეგ რელიქვიების ამოღების შესახებ, როგორც ჩანს, ომის დროინდელი პატრიოტიზმის მოთხოვნებით იყო ნაკარნახევი.

ანალიტიკური ცენტრის, „კარნეგის“  სტატიაში მან დაწერა: „ომის მეხუთე წლისთვის მოსკოვში ეკლესიის ხელმძღვანელობამ დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ კიდევ რისი გაკეთება შეეძლო იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა იმისთვის, რასაც რუსეთი მის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.“

ზანემონეცის თქმით, დონსკოის ამბავი ზუსტად ერგება კრემლის მტკიცებას, რომ რუსეთი თავს იცავს და არ აწარმოებს აგრესიულ ომს თავისი მეზობლის წინააღმდეგ.

მიმდინარე წლის დასაწყისში ფრონტზე ასევე გაიგზავნა ალექსანდრე ნეველის, კიდევ ერთი შუა საუკუნეების თავადისა და სამხედრო გმირის, რელიქვიები, რომელსაც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია პატივს სცემს. რუსეთის ეკლესიას ალექსანდრე ნეველიც წმინდანად ჰყავს შერაცხეული.