ახალი ამბები

შავ ზღვაში გემების ტვირთის დაზღვევის თანხა გაიზარდა

26 თებერვალი, 2022 • 1521
შავ ზღვაში გემების ტვირთის დაზღვევის თანხა გაიზარდა

„როიტერსის“ ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, სადაზღვევო კომპანიებმა შავ ზღვაში შემავალ გემებზე ტვირთის დაზღვევის ფასები კიდევ გაზარდეს.

ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოში, მათ შორის შავი ზღვის მიმართულებითაც, ტრანსპორტირების ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც სხვა სფეროებთან (ასევე, სხვა მიზეზებთან) ერთად, ზრდის მეორადი ავტომობილების იმპორტის ხარჯებს.

ხომალდების მფლობელები იხდიან ყოველწლიური დაზღვევის ფასს, რასაც ემატება დამატებითი გადასახადი – „პრემიუმი“, როდესაც გემები მაღალი რისკის არეალში შედიან.

„პრემიუმი“ კი ითვლება 7-დღიანი პერიოდზე, გემის ღირებულებიდან გამომდინარე.

„როიტერსი“ სადაზღვევო კომპანიებზე დაყრდნობით წერს, რომ თუკი 7-დღიანი „პრემიუმის“ განაკვეთი შავ ზღვაზე რამდენიმე დღის წინ 0.25% იყო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიზარდა და ამჟამად მერყეობს სრული დაზღვევის 1-დან 5 პროცენტამდე.

სააგენტოს ცნობით, ეს დამატებითი ასიათასობით დოლარის ხარჯს შეიძლება ნიშნავდეს გემებისთვის, – იმის მიხედვით, თუ საით მიემგზავრებდა.

გამოცემა ასევე ციტირებს ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს, რომლის თქმითაც, გასაკვირი არ არის, რომ შექმნილი ვითარებისა და რისკის ფონზე კომპანიების რისკი იზრდება.

პარასკევს მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი რაკეტამ დააზიანა ოდესასთან, რა დროსაც ეკიპაჟის 2 წევრი მძიმედ დაშავდა.

წინა დღეს, ასევე ოდესასთან, დაზიანებები მიიღო თურქულმა გემმაც, რის შემდეგაც რუმინეთის წყლებში განაგრძო მოძრაობა.

უკრაინამ თურქეთს მიმართა, მონტროს კონვენციის ფარგლებში მინიჭებული ძალით, რუსული ხომალდებისთვის დაეხურა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები, რათა შავ ზღვაში ვერ შემოსულიყვნენ, თუმცა საგარეო მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ სწორედ მონტროს კონვენციის შესაბამისად, „თურქეთი ვერ დაბლოკავს რუსულ ხომალდებს“.

გირჩევთ ასევე:


მე-3 დღეა, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

26 თებერვლის მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალების თანახმად,  კიევიდან 29 კილომეტრში, ვასილკოვში, სადაც „ოკუპანტები დესანტის გადმოსხმას ცდილობენ“, მძიმე ბრძოლებია.

ხელჩართული ბრძოლებია კიევის ქუჩებშიც, სადაც მთელი ღამე აფეთქებების ხმა ისმოდა.

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაშიდა  სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
  • პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.
  • აშშ-მა ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა 26 თებერვლის ღამეს, რაზედაც უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა და რჩება კიევში.

მასალების გადაბეჭდვის წესი