ახალი ამბები

კომპიუტერული ჩიპების ინდუსტრიამ რუსეთში გაყიდვები შეაჩერა – WaPo

26 თებერვალი, 2022 • 1445
კომპიუტერული ჩიპების ინდუსტრიამ რუსეთში გაყიდვები შეაჩერა – WaPo

კომპიუტერული ჩიპების (ნახევარგამტარების) გლობალურმა ინდუსტრიამ, შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთში გაყიდვები შეწყვიტა.

Washington Post მაგალითად ასახელებს ტაივანურ გიგანტს, Taiwan Semiconductor Manufacturing Company-ს (TSMC), რომელმაც გუშინვე განაცხადა, რომ სანქციებს დაემორჩილებოდა.

ნიო-იორის ქალაქ მალტაში დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიის, GlobalFoundries-ს ცნობით, ისიც ემორჩილება დაწესებულ შეზღუდვებს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ საქნციები 24 თებერვალს გამოაცხადა. თეთრი სახლის თანახმად, სანქციების ნაწილი რუსეთის მაღალტექნოლოგიური სფეროს იმპორტის ნახევარზე მეტს შეზღუდავს, რაც ძლიერად დაარტყამს ქვეყნის უნარს, მოახდინოს ეკონომიკისა და სამხედრო შესაძლებლობების დივერსიფიკაცია.

სანქციები, რომელიც შტატების მოკავშირეებმაც გაააქტიურეს, ითვალისწინებს რუსეთში თავდაცვის და სხვა მაღალტექნოლოგიურ სფეროში (მათ შორის საჰაერო თუ საზღვაო ტექნოლოგიების სექტორში) მომუშავე კომპანიებზე გაყიდვების შემცირებას, თუმცა არ ეხება საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროს.

ნახევარგამტარები (ჩიპები) გამოიყენება თითქმის ყველაფერში, რასაც მოვიხმართ, – დაწყებული საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან, დამთავრებული კომპიუტერული ტექნიკით, – გამოიყენება მანქანათმშენებლობაშიც, ასევე, საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო სამხედრო ტექნიკის სფეროებში.


მე-3 დღეა, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

26 თებერვლის მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალების თანახმად,  კიევიდან 29 კილომეტრში, ვასილკოვში, სადაც „ოკუპანტები დესანტის გადმოსხმას ცდილობენ“, მძიმე ბრძოლებია.

ხელჩართული ბრძოლებია კიევის ქუჩებშიც, სადაც მთელი ღამე აფეთქებების ხმა ისმოდა.

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
  • პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.
  • აშშ-მა ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა 26 თებერვლის ღამეს, რაზედაც უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა და რჩება კიევში.

მასალების გადაბეჭდვის წესი