ახალი ამბები

“არ მჯერა, რომ ეს ომი თქვენი სახელითაა” — ჯონსონის მიმართვა რუსებს რუსულად

26 თებერვალი, 2022 •
“არ მჯერა, რომ ეს ომი თქვენი სახელითაა” — ჯონსონის მიმართვა რუსებს რუსულად

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მისი სიტყვებით, უკრაინის ქუჩებში განვითარებული პროცესები სხვა არაფერია, თუ არა ტრაგედია.

“დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა ჩვენი უკრაინელი ძმებისა და დების გვერდითაა, თქვენს სამშობლოზე ამ გაუმართლებელი შეტევის ფონზე”.

“მივესალმებით უტეხ სიმამაცესა და პატრიოტიზმს თქვენი მთავრობისა, ჯარისა და ხალხისა. მე ახლო კონტაქტი მაქვს პრეზიდენტ ზელენსკისთან და, როგორც პრემიერ-მინისტრი, მთელი გაერთიანებული სამეფოს სახელით ვამბობ: დიდება უკრაინას!” — დასძინა მან.

ჯონსონის სიტყვებით: “უკრაინის მსგავსად, რუსეთი დიდებული ქვეყანაა მდიდარი ისტორიითა და ამაყი ხალხით.

უკრაინის მსგავსად, რუსეთის პოეტებმა, ხელოვანებმა და ავტორებმა განსაზღვრეს ჩვენი კულტურა, რუსი სამხედროები მამაცურად იბრძოდნენ ჩვენთან ერთად ფაშიზმის წინააღმდეგ. მაგრამ პუტინის ქმედებები რუსეთს სრული იზოლაციისკენ მიაქანებს”.

ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რუსულ ენაზე მიმართა რუსებს და თქვა:”მე არ მჯერა, რომ ეს ომი თქვენი სახელით მიმდინარეობს”.

ამავე ვიდეოში ჯონსონმა უკრაინულად თქვა:

“მსოფლიოს თავისუფალი და სუვერენული უკრაინა სჭირდება. დიდება უკრაინას”.

მანამდე, 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ 7 ახალი სანქცია გამოაცხადა.

მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი