საზოგადოება

ბრიტანეთის 7 ახალი სანქცია რუსეთსა და ბელარუსს

24 თებერვალი, 2022 • 4015
ბრიტანეთის 7 ახალი სანქცია რუსეთსა და ბელარუსს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტს რამდენიმე წუთის წინ გააცნო ახალი სანქციების ნუსხა, რომელიც რუსეთს დაეკისრება.

ჯონსონი აღნიშნავს, რომ რუსეთთან ერთად სანქციები გავრცელდება ბელარუსზეც, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სანქციების სია ასე გამოიყურება:

  1. ყველა მსხვილი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება და გაითიშება დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან. როგორც BBC აღნიშნავს, ამ შეზღუდვის შემდეგ ბრიტანეთის გავლით ვერანაირი ფინანსური ტრანზაქცია ვერ განხორციელდება. აღნიშნული ეხება VTB ბანკსაც;
  2. კანონმდებლობით აიკრძალება რუსული კომპანიებისა და სახელმწიფო უწყებების მიერ ბრიტანული ბაზრიდან ფინანსების მოძიება;
  3. 100 ინდივიდუალური პირისა და ორგანიზაციის აქტივები გაიყინება;
  4. რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტს“ აეკრძალება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე დაშვება;
  5. შეჩერდება ორმაგი მოქმედების ლიცენზიები ტექნოლოგიებზე, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს სამხედრო მიზნებისთვის;
  6. მიმდინარე დღეებში ბრიტანეთი აკრძალავს მაღალი ტექნოლოგიებისა და ნავთობის გადამამუშავებელი მოწყობილობების რუსეთში ექსპორტს;
  7. რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდება ლიმიტი ბრიტანულ საბანკო ანგარიშებზე.

ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ არსებობს პოტენციალი, რუსეთი Swift-ის (ფინანსური ტრანზაქციების გლობალური) სისტემიდან გაითიშოს.

რუსეთი უკრაინას 24 თებერვალს დაესხა თავს. ამჟამად რუსეთი უკრაინას ბელარუსისა და საკუთარი საზღვრებიდან უტევს. ასევე დაიბომბა უკრაინის ძირითადი ქალაქებიც, მათ შორის ხარკოვი, ოდესა, მარიუპოლი და სხვა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი