ახალი ამბები

ზურაბიშვილი უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს

24 თებერვალი, 2022 • 1076
ზურაბიშვილი უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ხელს მოაწერს უკრაინასთან დაკავშირებით პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნას. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს, 24 თებერვალს ბრიფინგზე განაცხადა.

“საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, ყველამ ერთად გამოვხატოთ, რომ მთელი ერი ვდგავართ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს.

ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის ფორმა და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრივ, მზად ვარ, რომ წარმოვადგინო საქართველო, კონსტიტუციით მონიჭებული უფლების თანახმად, ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რამეთუ უკრაინის საკითხი ყველა ჩვენგანის საკითხია და საჭიროა, რომ საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც.

ჩვენ ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზით მცდელობის, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეს და ეს არის ის, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ეროვნული თანხმობის დღევანდელი სესია, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა, რადგან “დღეს ეროვნული თანხმობის საკითხი არის ერთი – უკრაინა და ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ”.

მისი თქმით, უკრაინამ მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, მაგრამ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია თავიდან ვერ აიცილა. ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო უკრაინის გვერდზე დგას და ეს დღე ტრაგიკულია როგორც უკრაინისთვის, ასევე, საქართველოსთვის და მშვიდობისმოყვარე ყველა დემოკრატიული ერისთვის.

“ევროპის გულში ომი გაჩაღდა ყველანაირი დიალოგის მცდელობის მიუხედავად. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტი ქვეყნის, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობასა და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა გამოვუცხადო. მინდა პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, რომლებიც დღეს თავიანთი ქვეყნის სუვერენობის დაცვას შეეწირნენ.

მინდა შევუერთდე გაეროს გენმდივნის და ყველა სხვა ლიდერების მოწოდებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას, თუ ოპოზიციას და მთავრობას, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ძალა ერთობაშია”, – თქვა ზურაბიშვილმა.

რიგგარეშე სხდომა ხვალ, 25 თებერვალს, 12 საათზე გაიმართება. ცნობილია, რომ ოპოზიცია სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენას ითხოვს. თუმცა, როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პრემიერი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან რეგლამენტი მისი დაბარების განსხვავებულ წესს ითვალისწინებს.


დღეს დილით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. არის მსხვერპლიც.

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი