ახალი ამბები

უკრაინაში საომარო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს – ილია II

24 თებერვალი, 2022 • 1112
უკრაინაში საომარო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს – ილია II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

„უკრაინაში საომარი მოქმედებები რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა“, – წერს ილია II ტვიტერზე.

ტვიტერის აღნიშნული ანგარიშისა და პოსტის ავთენტურობა „ნეტგაზეთს“ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.

მოგვიანებით გავრცელდა ილია II-ის უფრო ვრცელი განცხადება, სადაც პატრიარქი აცხადებს, რომ საქართველომ საკუთარი მწარე გამოცდილებიდან იცის, რამდენად მნიშვნელოვვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

“აღვნიშნავთ, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა კიდევ არის. ეს არის შესაძლებლობა საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებისაც. შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მომადლოს უკრაინის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი