ახალი ამბები

ვეწინააღმდეგები ომს, ის პუტინმა რუსი ხალხის პრობლემების გადასაფარად წამოიწყო – ნავალნი

24 თებერვალი, 2022 • 845
ვეწინააღმდეგები ომს, ის პუტინმა რუსი ხალხის პრობლემების გადასაფარად წამოიწყო – ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თავისივე სასამართლო პროცესიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეხმაურება. ის ამბობს, რომ ეწინააღმდეგება ომს.

„მე ამ ომს ვეწინააღმდეგები. ვფიქრობ, რომ ეს ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს რუსეთსა და უკრაინას შორის, გაჩაღდა იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეების დაყაჩაღება გადაიფაროს. რათა ყურადღება ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებიდან გადავიტანოთ, მათ შორის, ეკონომიკის დეგრადაციიდან ყურადღების გადატანის მიზნით.

ეს ომი გამოიწვევს აურაცხელი რაოდენობის მსხვერპლს, ადამიანების განადგურებულ ბედს, საბოლოოდ კი ამ ხაზის გაგრძელება მიგვიყვანს რუსეთის მოქალაქეთა გაღატაკებისკენ“, – ამბობს ნავალნი და ამატებს, რომ ჯგუფი, რომელმაც ახლა „რუსეთში ძალაფულება ხელში ჩაიგდო“, მსგავს ნაბიჯებს თავისივე ქონების დასაცავად დგამს.


ალექსეი ნავალნი, რომელიც „ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ 5 თვის განმავლობაში გერმანიაში მკურნალობდა, რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას დააკავეს, ქალაქ ხიმკის სასამართლომ კი 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის ედავება “ივ როშეს” საქმესთან დაკავშირებით პირობითი მსჯავრის პირობების მრავალგზის დარღვევას. “ივ როშეს” საქმეზე ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგ ნავალნი 2014 წელს დამნაშავედ ცნეს თაღლითობის მუხლით. გამოძიების ვერსიით, მათ კომპანია “ივ როშე” დაარწმუნეს არახელსაყრელი კონტრაქტის გაფორმებაში.

სწორედ ამ საქმეზე იმართება დღეს სასამართლო პროცესი.

რუსეთში სასამართლომ ნავალნის ორგანიზაციები “ექსტრემისტულად” აღიარა


რუსეთმა დღეს უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო. დაბომბილია რამდენიმე ქალაქი, არის მსხვერპლიც.

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — 24 თებერვლის ქრონოლოგია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი