ახალი ამბები

შეგვიძლია, კუდით ქვა ვასროლინოთ, როგორც ყირიმის ომისას – ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი პუტინზე

23 თებერვალი, 2022 • 3121
შეგვიძლია, კუდით ქვა ვასროლინოთ, როგორც ყირიმის ომისას – ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი პუტინზე

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი, რომელიც შოტლანდიის გვარდიის ყოფილი ოფიცერია, ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხში მეფე ნიკოლოზ I-ის შეცდომას იმეორებს.

BBC-ის ცნობით, უოლესმა ვლადიმერ პუტინი ყირიმის ომის დროს იმპერატორ ნიკოლოზ I-ს (რომანოვს) შეადარა და თქვა, რომ პუტინმა მსგავსი შეცდომა დაუშვა, – შეცდომა, რომ მოკავშირეების გარეშეა.

ყირიმის ომი 1853-56 წლებში მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთის იმპერიას შორის, რომელთანაც ალიანსში იყვნენ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და სარდინია. ომი რუსეთის მარცხით დასრულდა.

უოლესმა განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოს 1000 ჯარისკაცი ჰყავს გამზადებული საჭიროების შემთხვევაში კრიზისზე საპასუხოდ და დასძინა:

„შოტლანდიელთა გვარდიამ კუდით ქვა ასროლინა მეფე ნიკოლოზ I-ს 1853 წელს ყირიმში. და ყოველთვის შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ. მეფე ნიკოლოზ I-მა იგივე შეცდომა დაუშვა, რაც პუტინმა. მას არ ჰყავდა მეგობრები, ალიანსები“…

რუსეთის ფედერაციამ 21 თებერვალს დამოუკიდებლად ცნო დონეცკის და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკები.

პუტინის გადაწყვეტილების პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა სანქციები დააწესეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი