ახალი ამბები

აქტივისტებმა დიღმის ჭალების დაბინძურებაზე მერიასა და სამინისტროში საჩივრები შეიტანეს

23 თებერვალი, 2022 • 734
აქტივისტებმა დიღმის ჭალების დაბინძურებაზე მერიასა და სამინისტროში საჩივრები შეიტანეს

„დიღმის ჭალების“ სამეზობლო ინიციატივამ დღეს, 23 თებერვალს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ასევე თბილისის მერიაში საჩივრები შეიტანეს.

„საჩივრები ადანაშაულებს სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს მათ უმოქმედობაში, ეფექტურად აღეკვეთათ სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების უკანონო და დანაშაულებრივი გამოყენება იმ კერძო კომპანიების მიერ, რომლებიც ადგილზე ახორციელებდნენ ქვა-ღორღის მოპოვებას, გადამუშავებასა და სამშენებლო მასალების წარმოებას, ასევე, ხელს უწყობდნენ უკანონოდ დიდი რაოდენობით სამშენებლო ნარჩენების განთავსებასა და ჰაერის, წყლისა თუ ნიადაგის დაბინძურებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამეზობლო ინიციატივა ასევე ითხოვს, ზუსტად შეფასდეს გარემოსთვის მიყენებული ზიანი  – „შეფასდეს კერძო კომპანიების მიერ დანაშაულებრივი გზით მიღებული სარგებელი, კერძო კომპანიებმა აგონ პასუხი მათ მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებზე და დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება ჭალის ტერიტორიის აღსადგენად,“.


თბილისში, დიღომში, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ, ქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ეკოსისტემა – დიღმის ჭალებია განლაგებული.

ეს ჭალები არა მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი ცხოველისთვის, არამედ ასევე იცავს ქალაქს წყალდიდობისგან და ასუფთავებს წყალს.

საქმე ის არის, რომ 190 ჰექტარი ნელ-ნელა კერძო საკუთრებაში გადაეცა (67 ჰექტარი დღესდღეობი), ხოლო დანარჩენი ნაწილი, დაახლოებით – 123 ჰექტარი, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაშია. 2015 წლამდე არეალის დაახლოებით 64 ჰექტარი ტყით იყო დაფარული, შემდეგ კი ეს ტყეც განადგურდა. ჭალების ნაწილი (40 ჰექტრამდე) დაბინძურდა სხვადასხვა ნარჩენით, შეიქმნა უკანონო ნაგავსაყრელიც.

მერია უკვე წლებია აქ დიდი სარეკრეაციო სივრცის მოწყობის დაპირებას იძლევა.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი