დიღმის ჭალებიდან სამშენებლო და ინერტული ნარჩენების გატანის დავალების საქმეზე, რაზეც ჯერ კიდევ 2021 წელს მიმართეს სასამართლოს დიღმის ჭალების გადარჩენისთვის შექმნილმა მოძრაობამ და აქტივისტმა ანა ტრაპაიძემ, სასამართლომ დღეს განჩინება გამოიტანა და თბილისის მერიას ტერიტორიის გაწმენდა დაევალა.
ამის შესახებ ნეტგაზეთს აქტივისტი ანა ტრაპაიძე ესაუბრა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ანა ჩხეტიამ მიიღო. დიღმის ჭალების გადარჩენისთვის ინიციატივის ინტერესებს იცავდნენ ადვოკატები: კახა კოჟორიძე, მარიამ რობაქიძე და ციალა რატიანი.
„თბილისის მერიამ უნდა დაასუფთაოს დიღმის ჭალებში სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურებული მუნიციპალური და სახელმწიფო ტერიტორიები! ეს არის გარემოსდაცვით და კონკრეტულად ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში პირველი და სამაგალითო საქმე!“ — ამბობს ანა ტრაპაიძე.
დიღმის ჭალების გადარჩენისთვის ბრძოლა 4 წლის წინ დაიწყო.
„დიღმის ჭალებში მიზანმიმართულად იყრებოდა სამშენებლო ნარჩენები, ძალიან დიდი ინტენსივობით. ნადგურდებოდა იქ არსებული ტყე, ჩანაგდებოდა რეკრეაციული ზონის სტატუსით დაცული ტერიტორია. ეგ იყო ალბათ მიზანი, რომ შემდეგ სამშენებლო მიზნებით გამოეყენებინათ.
როგორც ადგილობრივს და ამ ყველაფრის თვითმხილველს, საშინელი პროტესტი მქონდა. გადავწყვიტეთ, რომ გვებრძოლა ნარჩენების დაყრის შესაჩერებლად და შემდეგ უკვე დავიწყეთ ბრძოლა ჯერ კიდევ 2020 წელს, რომ მერიას დაესუფთავებინა დიღმის ჭალების სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ტერიტორიები.
მივმართეთ მერიას, მაგრამ უშედეგოდ. 2021 წლის გაზაფხულზე შევიტანეთ სარჩელი. ვითხოვდით, რომ მერიასთან ერთად პასუხისმგებლობა დაჰკისრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. თუმცა საბოლოოდ, დღეს გამოცხადდა განჩინება და მოსამართლემ მთლიანი პასუხისმგებლობა დააკისრა მერიას“, — გვიყვება ანა ტრაპაიძე.
აქტივისტის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება პრეცედენტულია. მერიას ევალება, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა არაკერძო საკუთრება დაასუფთაოს.
„დიღმის ჭალები არ არის ერთადერთი ტერიტორია, სადაც ასეთი ინტენსიური დაბინძურება ხდება, თბილისში რამდენიმე კერაა ანალოგიურ მდგომარეობაში. მერია ყოველთვის მხრებს იჩეჩავდა, ხან ავლენდა დამბინძურებელს, ხან ვერ. ადგილები რჩებოდა დაბინძურებული. ახლა ჩვენ ვამბობთ და მოსამართლემაც დაგვიდასტურა, რომ ასეთი მასშტაბური დაბინძურება უნდა დაასუფთაოს პასუხისმგებელმა უწყებამ, მუნიციპალიტეტმა. მომდევნო მსგავს საქმეებში მოსამართლეს შეეძლება, რომ ამ გადაწყვეტილებით იხელმძღვანელოს“, — ამბობს ტრაპაიძე.
დიღმის ჭალები ამჟამად ერთადერთი შემორჩენილი ჭალის ტყეა თბილისში. ამ ტერიტორიის განაშენიანება მიზანშეწონილი არ არის. რადგან, ერთი მხრივ, დატბორვის რისკია, მეორე მხრივ, ქალაქისთვისაც მნიშვნელოვანია მდინარის შემოსასვლელთან მსგავსი არეალის დატოვება, რომელიც წყალმოვარდნის შემთხვევაში, იცავს ქალაქს წყალდიდობისგან და ასუფთავებს წყალს.
ტერიტორიის 190 ჰექტარი დროთა განმავლობაში კერძო საკუთრებაში გადავიდა, ხოლო დანარჩენი ნაწილი, დაახლოებით – 123 ჰექტარი, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაშია. 2015 წლამდე არეალის დაახლოებით 64 ჰექტარი ტყით იყო დაფარული, შემდეგ კი ეს ტყეც განადგურდა. ჭალების ნაწილი (40 ჰექტრამდე) დაბინძურდა სხვადასხვა ნარჩენით, შეიქმნა უკანონო ნაგავსაყრელიც. ტყის ფართობი 15 ჰექტრამდეა შემცირებული.
მერია უკვე წლებია აქ დიდი სარეკრეაციო სივრცის მოწყობის დაპირებას იძლევა.
„ამ ტერიტორიას შეგვიძლია შევძინოთ რეკრეაციული, სპორტული, დასასვენებელი, შემეცნებითი სივრცის ფუნქცია. ჩვენ გვქონდა ასეთი პროექტი, „დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმი“, რომლის ფარგლებშიც ვაწყობდით ექსკურსიებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს ვაჩვენებდით, ერთი მხრივ, დიღმის ჭალების უნიკალურ ეკოსისტემას და მეორე მხრივ, იმ გარემოსდაცვით დანაშაულებს, რაც იქ ხდებოდა. აქ გვაქვს მართლაც შესანიშნავი ტყე და საზარელი, კრიმინალური კვალი. გვინდოდა გვეჩვენებინა ის პოტენციალიც, რაც ამ ადგილს აქვს და თუნდაც ამ გზით შეგვეძინა თანამოაზრეები და თანამებრძოლები.
მივმართეთ აზიის განვითარების ბანკს, რომ შეესწავლა ტერიტორია. ჩაერთნენ უცხოელი და ადგილობრივი მკვლევრები, შეისწავლეს ტერიტორია, რა ზიანი მიადგა, რა პოტენციალი აქვს. მუშაობენ სტრატეგიაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და ალბათ მალე მიეცემა ბოლოს სახე. ეს იქნება, სავარაუდოდ, 15-წლიანი გეგმა, რომელიც სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს და მერიამ უნდა შემოგვთავაზოს საბოლოო დასკვნა. არ ვიცით, მერია რას იტყვის, თუმცა სანამ რამე განვითარებაზე დავიწყებთ საუბარს, პირველ რიგში დიღმის ჭალები სამშენებლო ნაგვისგან უნდა გაიწმინდოს. ეს საწყისი ეტაპია. ეს ვალდებულება რაკი დააკისრა სასამართლომ მერიას, უკვე მგონია, რომ სხვა ნაბიჯებიც რეალისტური იქნება“, — გვიყვება ანა ტრაპაიძე.
ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ: