ახალი ამბები

“დაგვიბრუნეთ დიღმის ჭალები” – ადგილობრივმა მოსახლეობამ მერიასთან აქცია გამართა

29 სექტემბერი, 2020 • 929
“დაგვიბრუნეთ დიღმის ჭალები” – ადგილობრივმა მოსახლეობამ მერიასთან აქცია გამართა

თბილისის მერიასთან დიღმის ჭალების საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა და აქტივისტები არიან გაერთიანებული, აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მერიისგან ამ ტერიტორიაზე არსებული პრობლემების აღიარებას და მათ გამოსწორებაზე ზრუნვას ითხოვენ. კერძოდ, აქციის მონაწილეების განმარტებით, მნიშვნელოვანია დიღმის ჭალების ტერიტორიისთვის ლანდშაფტურ-სატყეო ზონის სტატუსის მინიჭება, ტყე-პარკის აღდგენა-განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის და დიღმის ჭალების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრების, ანა ტრაპაიძის თქმით, დიღმის ჭალებში კარიერულმა სამუშაოებმა და იქ სამშენებლო ნაგვის შეტანამ დააზიანა მდინარის კალაპოტი, რაც ქალაქის დატბორვის რისკებს ზრდის.

ამასთან, მისი განმარტებით, სამშენებლო მასალების მოპოვებითი სამუშაოების ჩასატარებლად და ნაგვის დასაყრელად ამ ადგილებში სატვირთო მანქანები გადაადგილდებიან, რაც იწვევს ხმაურს, მოსახლეობა თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ, რადგან მძღოლები არ იცავენ საგზაო უსაფრთხოების წესებს და მათი ხშირი გადაადგილების შედეგად ადგილობრივებს სახლებში ჭარბი რაოდენობის მტვერიც აწუხებს. ამასთან, ტრაპაიძის თქმით, მტვერი გროვდება ქვებისა და სხვა მშრალი მასალის გადამუშავებისასაც.

“მიუხედავად იმისა, რომ მერიას აქვს ბერკეტები, მყისიერად შეაჩეროს უკანონო სამქიანობები ამ ტერიტორიაზე, ის მაინც არაფერს აკეთებს. გამოდის, რომ კრიმინალის ხელშეწყობა ხდება, რაც თავისთავად დანაშაულია”, – განმარტა ტრაპაიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ტრაპაიძის თქმით, ადგილობრივებს მერიასთან ამ თემაზე ოფიციალური საუბარი არ ჰქონიათ, თუმცა ჰქონდათ წერილობითი კომუნიკაცია. ტრაპაიძის განცხადებით, წერილებში მერია აღიარებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე კონკრეტული საწარმო მართლაც უკანონოდ მოიპოვებს სამშენებლო მასალებს. მისი თქმით, მერიისგან მიიღეს წერილობითი დაპირებაც, რომ საწარმოს უკანონო სამუშაოებს აღმოფხვრიდნენ, თუმცა კონკრეტული ვადები არ მიუთითებიათ.

ტრაპაიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მათ მერიისთვის პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება სურთ, რათა პრობლემები “ქალაქის სასარგებლოდ გადაიჭრას”.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მერიას ორი კვირის ვადას აძლევენ, რათა შესრულდეს მათი მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.

ამასთან, დიღმის ჭალებთან დაკავშირებით დღეს, 29 სექტემბერს შეიქმნა პეტიცია, რომლის ხელმომწერებიც ერთობლივად მიმართავენ თბილისის მერს, დადოს საჯარო პირობა, რომ:

  • დიღმის ჭალების მთელი ტერიტორია არ გასხვისდება, დარჩება მუნიციპალურ საკუთრებაში და მას მიენიჭება დაცული ლანდშაფტურ-სატყეო ზონის სტატუსი და შესაბამისი დამცავი რეჟიმი;
  • მთელი ტერიტორიისთვის მომზადდება ჭალის ლანდშაფტური ტყე-პარკის აღდგენა-განვითარების სამოქმედო გეგმა და დაუყოვნებლივ დაიწყება ჭალების რეაბილიტაცია საჯარო სივრცედ;

ამასთან, მიიღოს ყველა სათანადო ზომა რომ:

  • დაუყოვნებლივ აღკვეთოს უკანონო საწარმოების ფუნქციონირება დიღმის ჭალების ტერიტორიაზე;
  • დაუყონებლივ დაიწყოს ტერიტორიისა და მტკვირს დასუფთავებითი სამუშაოები სამშენებლო ნარჩენებისგან გასაწმენდად, რათა მოხერხდეს დამარხული ნარგავებისა და მიმდებარე ტერიტორიის გადარჩენა;
  • შემჭიდროებულ ვადებში შექმნის ექსპერტთა კომისიას ეკოლოგიური კატასტროფის შესასწავალად და მიიღებს ზომებს მიყენებული ზიანის გრძელვადიანად აღმოსაფხვრელად;
  • ექსპერტთა კომისიის დასკვნის შემდეგ უზრუნველყოს სამუშაო ჯგუფის შექმნა, სადაც, მიმდინარე სამუშაოების გამჭვირვალობისათვის ადგილობრივების საინიციატივო ჯგუფიც იქნება ჩართული

“დიღმის ჭალები ნადგურდება” – მოსახლეობა ეკოსისტემის გადარჩენას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი