ახალი ამბები

დიღმის ჭალები – თბილისის განსაკუთრებული ეკოსისტემა კატასტროფის წინაშე [კვლევა]

19 მარტი, 2021 • 2479
დიღმის ჭალები – თბილისის განსაკუთრებული ეკოსისტემა კატასტროფის წინაშე [კვლევა]

თბილისში, დიღომში, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ ქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ეკოსისტემა – დიღმის ჭალებია განლაგებული.

ეს ჭალები არამხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი ცხოვეlისთვის, მათ შორის, წითელ წიგნში შეყვანილი წავებისთვისა და კუებისთვის, ბერნის კონვენციით დაცული ცისფერი ალკუნისთვისა და ყანჩებისთვის, არამედ ასევე იცავს ქალაქს წყალდიდობისგან და ასუფთავებს წყალს.

თუმცა, დროთა განმავლობაში ჭალების 190 ჰექტარი ნელ-ნელა კერძო საკუთრებად გადაეცა (67 ჰექტარი დღესდღეობი), ხოლო დანარჩენი ნაწილი, დაახლოებით – 123 ჰექტარი სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაშია. 2015 წლამდე არეალის დაახლოებით 64 ჰექტარი ტყით იყო დაფარული, შემდეგ კი ეს ტყეც განადგურდა.

დიღმის ჭალების ფრაგმენტი და ახლოს მდებარე მშენებლობა. ფოტო: osgf-ს კვლევა

დიღმის ჭალების შესახებ 18 მარტს კვლევა – „დიღმის ჭალები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არსებული მდგომარეობა და პრობლემიდან გამოსავალი“ გამოქვეყნდა. სწორედ ამ დოკუმენტშია მიმოხილული დიღმის ჭალებში დღეს არსებული ვითარება და სამომავლო ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც შეიძლება დადგეს.

რა წერია კვლევაში?

დიღმის ჭალების ნელ-ნელა განადგურებაზე აქ მცხოვრები მოსახლეობა და ურბანისტ-ეკოლოგთა ნაწილი უკვე დიდი ხანია, რაც აფრთხილებს ხელისუფლებასა და საზოგადოებას. ჯერ კიდევ წინა წლის ივნისში ექსპერტები ამბობდნენ, რომ ჭალების 2/3 უკვე განადგურებულია.

ამის პარალელურად, თბილისის ორმა მერმა – დავით ნარმანიამ და კახა კალაძემ ჭალებში დიდი პარკის მოწყობის გეგმა დაანონსეს. ბოლოს ეს 2020-2021 წლის გეგმების პრეზენტაციაზე მოხდა. ამ დღეს კახა კალაძემ თქვა, რომ პროექტი, რომელიც დაახლოებით, 15 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდება, ქალაქს მტკვართან დააკავშირებს. სამუშაოების ღირებულება 14 836 147 ლარი იქნება. პარკი, როგორც სპორტულ, ასევე რეკრეაციულ სივრცეებს გააერთიანებს. დიღმის ჭალებში მოეწყობა ხელოვნური ტბა, რომელიც, პარკის დანარჩენ ნაწილს, როგორც საფეხმავლო, ასევე ველობილიკებით დაუკავშირდება.

თუმცა, დაპირებების მიუხედავად, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ დღეს თბილისისთვის ეს უნიკალური ეკოსისტემა კატასტროფის ზღვარზეა.

„დიღმის ჭალების ბუნებრივი ეკოსისტემისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის მისი მდებარეობა. დიღმის ჭალების ტერიტორია ერთადერთი ადგილია თბილისის მასშტაბით, სადაც ჭალის ტყის ბუნებრივი ეკოსისტემა, ფლორისა და ფაუნის გამორჩეული სახეობებით მდიდარი ჰაბიტატი ნაცრისფერი ქალაქის შუაგულში გვხვდება. ურბანული ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა და მისი დაცვის საჭიროება მსოფლიოში დღითიდღე უფრო აღიარებულია.

ქალაქების და, შესაბამისად, ადამიანის ხელით შექმნილი გარემოს, მოსახლეობის რაოდენობის, ეკონომიკური საქმიანობების მასშტაბისა და შემაწუხებელი ფაქტორების ზრდის პარალელურად სულ უფრო მცირდება ველური ბუნების წარმომადგენელთათვის ხელსაყრელი გარემო-პირობები და ხდება მათთვის შესაფერისი ჰაბიტატების კარგვა/ ფრაგმენტაცია. ამ პირობებში, უკიდურესად მნიშვნელოვანია მოხდეს იმ ბუნებრივი ეკოსისტემებისა და საცხოვრებელი ჰაბიტატების შენარჩუნება, რომლებიც ურბანული ბიომრავალფეროვნების არსებობას შესაძლებელს ხდის,“.

დოკუმენტში ცალკე ხაზგასმულია, რომ აქ მიმდინარე მშენებლობებისა და ტერიტორიის უგულვებელყოფის პარალელურად, ჭალების ნაწილი (40 ჰექტრამდე) დაბინძურდა სხვადასხვა ნარჩენით, შეიქმნა უკანონო ნაგავსაყრელიც – „ჭალის ტყის უდიდესი ნაწილი ინერტული და სხვა ტიპის ნარჩენების გორებშია ჩაფლული, რაც იწვევს ლანდშაფტის მექანიკურ დაზიანებას, ნიადაგის მიკ­რო ფლორის დარღვევასა და ხეების და სხვა მცენარეულობის განადგურებას,“.

დანაგვიანებული დიღმის ჭალები. ფოტო: osgf-ს კვლევა

კვლევის თანახმად, დანაგვიანებასა და ტყის გაჩეხვასთან ერთად, დიღმის ჭალებში ასევე მოიპოვებენ წიაღისეულს – მათ შორის, ბალასტს, რომლის მოპოვების ლიცენზიაც კითხვის ქვეშ დგას. შესაბამისად, ტერიტორიის დიდი ნაწილი „სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვებისა და გადამუშავების პოლიგონად არის ქცეული“, თუმცა მას რეკრეაციული სივრცის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„კიდევ უფრო დიდ საფრთხეს, ვიდრე დიღმის ჭალების ტერიტორიაზე მიმდინარე პრო- ცესებია, დიღმის ჭალების უნიკალურ ეკოსისტემას ის დამოკიდებულება უქმნის, რომე- ლიც ტერიტორიასთან მიმართებით სახელმწიფოს, კერძო კომპანიებისა თუ ზოგადად საზოგადოების მხრიდან მკვიდრდება. იმის მიუხედავად, რომ ჭალის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ჯერ კიდევაა შემორჩენილი იშვიათი, ბუნებრივი ჭალის ტყის ჰაბიტატი, სადაც ბიომრავალფეროვნების არაერთი უნუკალური წარმომადგენელი სახლობს, ის რეალობა, რომ დიღმის ჭალების დიდი ნაწილი მაღალ ანთროპოგენულ ზემოქმედებას განიცდის ხელს უწყობს ტერიტორიაზე ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ეკონომიკური მიზნებისთვის მის სრულად ათვისებას.

სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ ბუნებრივ გარემოზე მაღალი ანთროპოგენული ზემოქმედების არსებობა ერთგვარ ბერკეტს ქმნის ტერიტორიის ათვისებით ფინანსურად დაინტერესებული ინდივიდებისთვის და მათ საქმიანობას სახელმწიფოს მხრიდან მწვანე შუქი ენთება იმ არგუმენტით, რომ ბუნებრივი გარემო ისედაც გარდაქმნილია,“

გამოსავალზე საუბრისას კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ჭალის გადასარჩენად აუციელბელია მყისიერი ქმედებები.

„დიღმის ჭალების ტერიტორიას გენგეგმით ისედაც გააჩნია შესაბამისი სტატუსი იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტი დიღმის ჭალების დასაცავად საჭირო ქმედებების განხორციელებას უზრუნველყოფდეს. ტერიტორიის სტატუსის უფრო მეტად გამკაცრების საჭიროება არ არსებობს, რადგანაც ეს შედეგს არ გამოიღებს თუ სტატუსის დაცვა უზრუნველყოფილი არ იქნა შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოს მხრიდან. მუნიციპალიტეტის მხრიდან ამ საკითხის დღის წესრიგში დასაყენებლად ქვედა რგოლის სამსახურების დონე საკმარისი არაა და საჭიროა პრობლემის მოგვარებით ხელმძღვანელობის დაინტერესება და ამ პროცესში მათი ჩართულობა,“ – ნათქვამია კვლევაში.

პრობლემიდან გამოსავალი, კვლევის ავტორების მიხედვით, გეგმის სახით ასე გამოიყურება:

კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. ფოტო: osgf-ს კვლევა

ვრცლად კვლევა წაიკითხეთ აქ.


ანგარიშში წარმოდგენილი კვლევა ჩატარდა თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. ის მეტწილად ეფუძნება მეორად ლიტერატურას, მათ შორის, სხვადასხვა კვლევებს, ანგარიშებსა და სახელმწიფო უწყებებისგან მოწოდებულ ინფორმაციას. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში განხორციელდა საველე გასვლა დიღმის ჭალებში და არსებული სიტუაციის ადგილზე შესწავლა და ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები დარგის სპეციალისტებთან.

მისი ავტორები არიან – მარიან ხვედელიძე და ანა ტრაპაიძე.

ამავე თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

“დიღმის ჭალები ნადგურდება” – მოსახლეობა ეკოსისტემის გადარჩენას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი