ახალი ამბები

რუსეთი უკრაინიდან დიპლომატიური მისიების თანამშრომლების ევაკუაციას აპირებს

22 თებერვალი, 2022 •
რუსეთი უკრაინიდან დიპლომატიური მისიების თანამშრომლების ევაკუაციას აპირებს

რუსეთმა განაცხადა, რომ აპირებს უკრაინიდან დიპლომატიური პერსონალის ევაკუაციას, რათა “დაიცვას მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება”. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, ვიზრუნოთ რუს დიპლომატებზე, საელჩოსა და გენერალური საკონსულოების თანამშრომლებზე.

მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა უკრაინაში რუსული მისიების თანამშრომლების ევაკუაცია, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


რუსეთის ფედერაციამ წუხელ, 21 თებერვალს, დამოუკიდებლად ცნო დონეცკის და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლკები.

ამასთან, მან უკრაინის ხელისუფლებას „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა“ მოსთხოვა და დასძინა:

„წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო სისხლისღვრის გაგრძელებისთან დაკავშირებით უკრაინის ტერიტორიაზე იქნება მმართველი რეჟიმის სინდისზე“.

უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.

აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას.

18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. მანამდე კი პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.

პუტინის გადაწყვეტილების პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია

მასალების გადაბეჭდვის წესი