ახალი ამბები

სათათბირომ პუტინს საზღვარგარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა

22 თებერვალი, 2022 • 1032
სათათბირომ პუტინს საზღვარგარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა

რუსეთის ფედერაციის ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის სათათბირომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თანხმობა განუცხადა საზღვარგარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე.

რუსული სახელმწიფო მედიასაშუალების, „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სათათბიროს 153-მა სენატორმა. არცერთმა არ შეიკავა თავი ან არ მისცა ხმა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

საზღვარგარეთ შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილს, ხანგრძლივობას და სხვა დეტალებს რუსეთის პრეზიდენტი განსაზღვრავს.


გუშინ, 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში წარმოქმნილი (და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი) „დონეცკის“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. მისი ბრძანების თანახმად, ე.წ. რესპუბლიკებში რუსეთის ჯარი უნდა განთავსდეს, „მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით“.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი