ახალი ამბები

პუტინმა რუსეთის ჯარებს დონეცკსა და ლუგანსკში “მშვიდობის მხარდაჭერა” დაავალა

22 თებერვალი, 2022 • 1115
პუტინმა რუსეთის ჯარებს დონეცკსა და ლუგანსკში “მშვიდობის მხარდაჭერა” დაავალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა დაავალა.

ამას ითვალისწინებს პუტინის მიერ გამოცემული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების შესახებ ბრძანებები.

პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ფედერალური ორგანოების აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობით, დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკებთან” გამართონ მოლაპარაკებები და თანამშრომლობაზე და დახმარებაზე შეთავაზება ხელმოსაწერად წარმოადგინონ. ამ შეთანხმებების ხელმოწერამდე კი, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების “ხელმძღვანელების” მიმართვის საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, რომ შეიარაღებული ძალებით უზრუნველყონ “მშვიდობის მხარდაჭერა” დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე.

ამ დროისთვის დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების ნაწილს კიევი აკონტროლებს.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ანდრეი კლიმოვის თქმით, რუსეთი ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს დღესდღეობით აღიარებს ფაქტობრივად დადგენილ საზღვრებში.

მანამდე რუსეთის შს მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი დონეცკისა და ლუგანსკის “ოკუპაციამდელ” საზღვრებში –  მარიუპოლიდან ისტორიულ საზღვრებამდე აღიარების წინადადებით გამოვიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი