ახალი ამბები

გერმანიამ Nord Stream 2-ის სერტიფიცირება დროებით შეაჩერა

16 ნოემბერი, 2021 •
გერმანიამ Nord Stream 2-ის სერტიფიცირება დროებით შეაჩერა

გერმანიის ენერგომარეგულირებელმა შეაჩერა Nord Stream 2-ის [ჩრდილოეთის ნაკადი 2] გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი.

რეგულატორის თანახმად, მას არ შეეძლო განეხილა მილსადენის სერტიფიცირების საკითხი, რადგან კომპანია Nord Stream 2 AG, რომელიც გაზპრომის კონტროლირებადი კომპანიაა, რეგისტრირებულია შვეიცარიაში და არა — გერმანიაში.

რეგულატორის თანახმად, Nord Stream 2 AG შექმნის შვილობილ კომპანიას, რომელიც ჩაიბარებს მილსადენის გერმანული ნაწილის მართვას, რის შემდეგაც სერტიფიცირების პროცესი განახლდება.

15 ნოემბერს ცნობილი გახდა ისიც, რომ უკრაინული ენერგოგამანაწილებელი და მიმწოდებელი კომპანიები, GTSOU და Naftogaz Ukrayiny-ც ჩაერთვებიან ჩრდილოეთის ნაკადის 2-ის სერტიფიცირების პროცესში.

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენი რუსეთიდან გერმანიაში გაზის ტრანსპორტირებისთვის აშენდა. მილსადენის პროექტს ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, პოლონეთი და ბალტიური სახელმწიფოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი