ახალი ამბები

აშშ-მა რუსეთის საპასუხოდ პირველადი სანქციები დააწესა

22 თებერვალი, 2022 • 1330
აშშ-მა რუსეთის საპასუხოდ პირველადი სანქციები დააწესა

ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლად ცნობის პასუხად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას სანქციების დაწესების შესახებ, რაც ამ ტერიტორიულ ერთეულებს უკავშირდება.

ბაიდენის ბრძანება შეერთებული შტატების მოქალაქეებს უკრძალავს „ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობასა და დაფინანსებას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებში, რომლებიც მდებარეობს უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში“.

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ პსაკის თანახმად, ბრძანება ასევე ითვალისწინებს შტატების მთავრობის უფლებას, დაუწესოს სანქცია „ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მოინდომებს უკრაინის აღნიშნულ ტერიტორიებზე ოპერირებას“.

მისი განცხადებით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია დღეს, მოგვიანებით, გამოაცხადებს „დამატებით ზომებს, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეშ დარღვევას“.

„ცხადი რომ იყოს: ეს ზომები არის ცალკე, დამატებითი ზომები და არ შედის იმ სწრაფ და მკაცრ ეკონომიკურ ზომებში, რომლებსაც ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ვამზადებთ იმ შემთხვევისთვის, თუკი რუსეთი უფრო მეტად შეიჭრება უკრაინაში“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.


რუსეთის ფედერაციამ წუხელ, 21 თებერვალს, დამოუკიდებლად ცნო დონეცკის და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლკები.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლებას „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა“ მოსთხოვა და დასძინა:

„წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო სისხლისღვრის გაგრძელებისთან დაკავშირებით უკრაინის ტერიტორიაზე იქნება მმართველი რეჟიმის სინდისზე“.

უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.

აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას.

18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. მანამდე კი პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.

პუტინის გადაწყვეტილების პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.

მასალების გადაბეჭდვის წესი