საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანის “რესპუბლიკების” ცნობას და განაცხადა, რომ საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის ამ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების “აღიარებას”, რომლითაც [რუსეთი] იმეორებს სცენარს, რამაც ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია.
საქართველო თქვენ გვერდით დგას, პრეზიდენტო ზელენსკი, და მხარს უჭერს ევროკავშირის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას”, – წერს ზურაბიშვილი.
?? strongly condemns Russia’s « recognition » of ??Ukraines’s Donetsk and Lugansk regions, repeating the scenario that led to the occupation of 20% of our territory. ??stands by you Pdt Zelensky and in support of?? ‘s territorial integrity and peace.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 21, 2022
21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” ცნო. ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, სპეციალურ მიმართვაში გამოაცხადა.
გადაწყვეტილების მიღებამდე პუტინმა საბჭოს სხვადასხვა წევრს მოუსმინა. მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, რომელმაც 2008 წლის ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთმა მაშინ მწარე გამოცდილებით ისწავლა, რომ სანქციებთან გამკლავება შესაძლებელია.
მანამდე თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს. იგივე გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის პარლამენტმა.
უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.
აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას.
18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსკის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. მანამდე კი პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.
ნახეთ ასევე:
აფხაზური მხარე დონბასს სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს