ახალი ამბები

კონფლიქტების მოგვარების ახალი სტრატეგია

2 მარტი, 2010 • 1365
კონფლიქტების მოგვარების ახალი სტრატეგია

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ელიოტის სკოლამ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ბატონ თემურ იაკობაშვილს უმასპინძლა. ქართველი სტუმარი  ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით „საქართველოს ახალი სახელმწიფო სტრატეგია მისი რეგიონების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ.“ ღონისძიების ორგანიზატორი ევროპის, რუსეთის და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტი იყო. შეხვედრას ამავე ინსტიტუტის დირექტორი ბატონი კორი ველტი უძღვებოდა.

თემურ იაკობაშვილის თმით, მას ხშირად ეკითხებიან თუ რატომ არ წარადგინა საქართველომ აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტების მოგვარების გეგმა ამდენი ხნის მანძილზე.

„მე ამაზე სამი პასუხი მაქვს: პირველი ის არის რომ ათი წლის წინ მე არ ვიყავი მინისტრი, მეორე პასუხი ის არის რომ ჩვენ უკვე ვმოქმედებთ განსხვავებულ რეალობაში,სადაც ეს კონფლიქტი აღქმულია, როგორც მსხვილი საერთაშორისო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის, ხოლო ომამდე კი ეს განიხილებოდა როგორც შიდა კონფლიქტი  ხოლო მესამე პასუხი არის ის, რომ რამდენიმე წლის წინ, საქართველოს სახელმწიფო იყო სუსტი, და აღქმული იყო, როგორც  წარუმატებელი ქვეყანა. “

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ახლა მოვიდა დრო, რომ საქართველომ შეიმუშავოს განსხვავებული მიდგომები რომელიც არსებულ რეალობასთან იქნება შესაბამისი. სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, არსებული სტრატეგია ემყარება სამ ძირითად პრინციპს:

პირველი, რომ  კონფლიქტების სამხედრო გზით გადაჭრა საბოლოდ უნდა იყოს დავიწყებული.
მეორე, კონფლიქტურ ზონებში უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ არა რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა, არამედ საერთაშორისო ძალებმა.

და მესამე ეს არის სტატუსის განსაზღვრა, რომელიც არ შეიძლება გადაწყდეს მანამდე, ვიდრე არ მოხდება ლტოლვილების და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნება.

„ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელიც აყალიბებს ნათელ მიდგომებს ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოსდაცვის, განათლების სფეროებში თანამშრომლობაზე. ეს არის პირველი დოკუმენტი, სადაც ქართული ხედვა ეფუძნება თანამშრომლობას ეთნიკური იდენტურობის შენარჩუნების პრინციპის დაცვით. “
განაცხადა მინისტრმა.

თემურ იაკობაშვილის აზრით, აქ მთავარია პირველ რიგში ნდობის აღდგენა თავად მოსახლეობას შორის, ამდენად პრინციპი აფხაზეთთან დაკავშირებით უნდა იყოს, არა სოხუმი-თბილისი ან თბილისი-სოხუმი, არამედ სოხუმი-სოხუმი. ეს ითვალისწინებს,რომ უნდა აღდგეს ნდობა სოხუმელებს შორის, ვინც არის სოხუმში ამჟამად და ვინც  იქიდან დევნილია. ასეთივე მიდგომა იქნება ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება უწვდის მეგობრობის და თანამშრომლობის ხელს ამ რეგიონებში მყოფ მოსახლეობას და აღუთქვამს დახმარებას ჯანდაცვის, განათლების და გარემოსდაცვით სფეროებში. ამ სტრატეგიის განხორციელებაში პირველ პლანზე  წამოწეული იქნება სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორი და არა პოლიტიკური ძალები.

გამოსვლის დასასრულს, „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ ბატონ თემურ იაკობაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა.


ბატონო თემურ, რამდენად დაუშვებს რუსეთი მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე თქვენს მიერ წარმოდგენილი სტრატეგიული პროექტების განხორციელებას?

ძველი სომხური ანდაზაა, რომ ქვას თუ არ მიაწვები წინააღმდეგობას არ გაგიწევსო. ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია პრაქტიკაზე. წინასწარ ძნელია იმაზე ლაპარაკი, ის მხარს დაუჭერს თუ ხელს შეუშლის. მე ვფიქრობ, რომ რაღაცეებში ხელს შეუშლის, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ხალხის კეთილდღეობას რუსეთი ხელს არ შეუშლის, იმ დონეზე, რომ ეს მერე თვითონ პრობლეად შეექმნას.


თქვენ აშშ-ში საფრანგეთიდან ჩამობრძანდით. თუ დაისვა იქ საკითხი რუსეთ-საფრანგეთის ახლახან დაწყებულ სამხედრო თანამშრომლობაზე, კონკრეტულად „მისტრალთან“ დაკავშირებით?

შეხვედრები იყო უმაღლეს დონეზე. რამდენიმე მინისტრი ვნახე. რა თქმა უნდა, ეს საკითხი განხილვის ერთ-ერთი თემა იყო. მე ვფიქრობ, ყველასთვის ცნობილია საფრანგეთის ახსნა, თუ რატომ აპირებენ ისინი ამ სფეროში რუსეთთან თანამშრომლობას. რომელიც მათი განცხადებით არის ნაბიჯი, რათა რუსეთი ჩართონ დასავლურ ორბიტაში.რაღა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, ჩვენი ეჭვები გავუზიარეთ. მაგრამ როგორც ჩანს საფრანგეთს ამასთან დაკავშირებით თავის მტკიცე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. უბრალოდ ჩვენ ის დაგვრჩენია, რომ ვიზრუნოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე ამ ფორმატში და საკუთარი უსაფრთხოება ყველაზე მარტივად გარანტირებული იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანებით. ამდენად ჩვენთვის მისტრალის გაყიდდა ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში დროზე უნდა შევიდეთ ნატოში და საფრანგეთმა არ უნდა შეუშალოს ამ პროცესს ხელი.

საზოგადოებას ბოლო პერიოდში ეჭვები გაუჩნდა, თუ  რამდენად შეიძლება ნატო გახდეს რუსეთთან ვაჭრობის საგანი. მე მხედველობაში მაქვს ქალაქის მერის განცხადება და გასულ წელს თავად პრეზიდენტის ნათქვამი, როდესაც მან პარლამენტის წინაშე განაცხადა რომ პუტინთან მას ესეთი საუბრები ქონდა.

მე ვფიქრობ, რომ ამ რეალობაში ნატო სავაჭრო საგანი ვეღარ გახდება. იმიტომ რომ რეალობა პრინციპში გარკვეულია.ჩვენ თავის დროზე, როცა ვცდილობდით თავიდან აგვერიდებინა ომი და გადაგვეწყვიტა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რუსეთთან გვქონდა დიალოგი და ჩვენ ვეუბნებოდით, რომ თუ თქვენ არ მოგწონთ ჩვენი ნატოში გაწევრიანება, ვისაუბროთ ამ თემაზე, თუ რა სახით იქნება ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და რა გარანტიები გვექნება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით. ნატო, ეს ხომ ჩვენი ახირება არ არის. უბრალოდ ეს არის მექანიზმი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თუ რუსეთი ამის ალტერნატიულ მექანიზმებს ჩვენ დაგვანახებდა, რა თქმა უნდა ამის განხილვა ყოველთვის შეიძლებოდა. მაგრამ მას მერე, რაც ვნახეთ რუსეთი რეალურად როგორ იქცევა, მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი სამხედრო თვალსაზრისით უსაფრთხოების ერთერთი გარანტია იქნება ნატო. რა თქმა უნდა საქართველოს უნდა ქონდეს საკუთარი საშუალებებიც, რომ რამდენი ხნითაც არ უნდა იყოს, მომხვდური შეაკავოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი