ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი საქართველოსა და უკრაინის მიმართ ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას გააგრძელებს.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა დღეს, 17 თებერვალს, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომელსაც საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებიც ესწრებიან.
„დღეს, როცა ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობა და სტაბილურობა საფრთხის ქვეშაა. მოსკოვიდან არის ნიშნები, რომ დიპლომატია შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ აქამდე ჩვენ [ჯარების]გაყვანის ან დეესკალაციის რაიმე ნიშანი არ გვინახავს. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა ევროპული უსაფრთხოების პრინციპების უგულვებელყოფა და მისი უნარი და სურვილი, დაიმუქროს ძალის გამოყენებით თავისი მიზნების მისაღწევად.
სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს არის ახალი ნორმა, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ნატოს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ პოლიტიკური და დიპლომატიური გამოსავლისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდრო კავშირით. ნატოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.