ახალი ამბებისამართალი

„მაინკრაფტის საქმე“ — რუსეთში 16 წლის მოზარდს 5 წელი მიუსაჯეს

11 თებერვალი, 2022 • 2590
„მაინკრაფტის საქმე“ — რუსეთში 16 წლის მოზარდს 5 წელი მიუსაჯეს

„მე ტერორისტი არ ვარ, ბავშვი ვარ“ — ასე მიმართა სასამართლოს 16 წლის ნიკიტა უვაროვმა, როდესაც მას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთში, კრასნოიარსკის მხარის ქალაქ კანსკში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

რუსეთის პროკურატურა მოზარდს ბრალად სდებდა „ისეთი ცოდნის მიღებას, რომლის მიზანიც ტერორისტული ქმედებების ჩადენაა“. უვაროვთან ერთად ბრალდებული იყო მისი 2 თანატოლიც, თუმცა ისინი პატიმრობას გადაურჩნენ.

როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „ნოვაია გაზეტა“ იტყობინება, ყველაფერი 2020 წლის ივნისში დაიწყო. იმ დროს 14 წლის ნიკიტამ და მისმა ორმა მეგობარმა ქალაქ კანსკის ქუჩებში — შენობებზე, ბოძებზე, ღობეებზე — გააკრეს წარწერები მოსკოვში დაკავებული სტუდენტის, აზატ მიფტახოვის მხარდასაჭერად. მოზარდებმა საპროტესტო ფურცელი მიაკრეს რუსეთის ფედერალური სამსახურის (FSB) შენობაზეც. სამივე მოზარდი დაუყოვნებლივ დააკავეს და დაიწყო გამოძიება.

რუსმა გამომძიებლებმა გაჩხრიკეს როგორც მოზარდების სახლები, ისე მათი ელექტრონული მოწყობილობები — ტელეფონები, კომპიუტერები, მიმოწერები სოციალურ ქსელში. მოზარდების კომპიუტერში აღმოაჩინეს პოპულარული თამაში „მაინკრაფტი“, სადაც იმ დროს 14 წლის ნიკიტა უვაროვი და მისი მეგობრები აფეთქებდნენ FSB-ს ვირტუალურ შენობას.

მილიციელებმა ჩათვალეს, რომ 14 წლის მოზარდები „სწავლობდნენ და ემზადებოდნენ ტერორისტული აქტის“ ჩასადენად.  „მტკიცებულებები“ გაამყარეს არასრულწლოვანთა სახლებში ნაპოვნი პიროტექნიკით (თითქოს, ისინი ვარჯიშობდნენ ასაფეთქებლების დამზადებაში) და „ანარქისტული“ ლიტერატურით.

ნიკიტას ორმა მეგობარმა მილიციელებს მალევე მისცა აღიარებითი ჩვენებმა. თინეიჯერებმა აღიარება მოგვიანებით გადათქვეს და აღნიშნეს, რომ თავის დროზე ეს გააკეთეს მილიციელების მხრიდან ზეწოლის გამო. თავად ნიკიტას დანაშაული არ უღიარებია.

მილიციელებმა მოზარდებს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს, მათ შორის, „ისეთი ცოდნის მიღება, რომლის მიზანიც ტერორისტული ქმედებების ჩადენაა“, „ტერორისტული გაერთიანების ჩამოყალიბება“. მოგვიანებით ბრალდებას  დაემატა ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების ოთხი და ასევე, მათი შენახვის 3 ეპიზოდი. მოგვიანებით ბრალდებების ნაწილი მოიხსნა, თუმცა მთავარი ბრალდება უცვლელი დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი