ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.
“ამერიკელმა მოქალაქეებმა [უკრაინა] უნდა დატოვონ ახლა”, – განაცხადა ბაიდენმა ამერიკულ NBC News-სთან ინტერვიუში.
“ეს არ არის შემთხვევა, როდესაც ტერორისტულ ორგანიზაციასთან გვიწევს გამკლავება. ჩვენ ვუმკლავდებით ერთ-ერთ უდიდეს არმიას მსოფლიოში. ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და შეიძლება პროცესები სწრაფად განვითარდეს”, – განაცხადა ბაიდენმა რუსეთის შესახებ საუბრისას.
შეკითხვაზე, თუ რა სცენარის შემთხვევაში გააგზავნის ჯარებს უკრაინაში საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, ბაიდენმა განაცხადა, რომ ასეთი სცენარი არ არსებობს.
“ეს არის მსოფლიო ომი, როდესაც ამერიკელები და რუსები ერთმანეთის წინააღმდეგ იწყებენ სროლას. ჩვენ ვართ ძალიან განსხვავებულ მსოფლიოში, ვიდრე აქამდე ვიყავით”, – განაცხადა ბაიდენმა.
მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ცნობა, სადაც უწყება ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებდა.
დასავლური სახელმწიფოების ნაწილმა უკრაინაში განლაგებული საელჩოების თანამშრომლები და მათი ოჯახები ქვეყნიდან გაიწვია.
უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობები კიდევ ერთხელ 2022 წლის იანვრის თვიდან დაიძაბა.
რუსეთი დასავლეთისგან კვლავ ითხოვს „ეროვნული უსაფრთხოების გარანტიებს“, რაც ნატოს არგაფართოებასა და აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანას გულისხმობს, პარალელურად კი, უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზაციას ახდენს.
დასავლური სახელმწიფოების სადაზვერვო უწყებების თანახმად, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადებოდეს, რასაც რუსეთში უარყოფენ.
რუსული ჯარები ბელარუსში, უკრაინის საზღვრის სიახლოვესაცაა განლაგებული.