ახალი ამბები

კირკიტაძემ თავისი სასამართლო პროცესი დატოვა

5 თებერვალი, 2022 • 1017
კირკიტაძემ თავისი სასამართლო პროცესი დატოვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ დატოვა სასამართლო პროცესი, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. სხდომა რუსთავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესს წინ უძღოდა კირკიტაძისა და სხვა პირების მიმართ პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება დაპირისპირების საქმეზე, რომელიც გასული წლის 24 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურამდე მცირე ხნით ადრე, ენმ-ის რუსთავის ოფისთან მოხდა.

“რაც შეეხება დღეს აქ დადგმულ ფარსს: მე არ ვაპირებ არანაირად მონაწილეობის მიღებას და მოსმენას, აქ რაც მოხდება, იმიტომ, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქე, ისევე როგორც მე, კარგად ვაცნობიერებთ, რომ ქართული სასამართლო არ არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია, მოიპოვოს სამართალი. ამის ნათელი დასტურია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი”, — დასძინა კირკიტაძემ.

აღნიშნულის შემდეგ, მან და დარბაზში მყოფთა ნაწილმა სასამართლო დარბაზი დატოვეს.

კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ჩადენილია ორი პირის მიმართ.

პროკურატურა კირკიტაძისთვის 10 000-ლარიან გირაოს ითხოვს, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება და დასძენს, რომ დღეისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

ინციდენტის დროს, რომლის გამოც პროკურატურა კირკიტაძეს ედავება, დაშავდნენ როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ისე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

პროკურატურის თანახმად, ენმ-ის ოფისთან პარტიის პოლიტიკის გასაპროტესტებლად აქცია მიმდინარეობდა, რა დროსაც ადგილზე ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ. უწყების თანახმად, იქ იმყოფებოდა დავით კირკიტაძეც, რომელმაც მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო ორი პირის მიმართ იძალადა.

თავად კირკიტაძის აცხადებდა, რომ ენმ-ის ოფისთან მისული “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მისი შტაბის წევრებს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ და ოფისში ძალადობრივად შეჭრას შეეცადნენ.

კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი