რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი საქართველოში მის არშემოშვებასთან დაკავშირებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას პასუხობს.

ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ გუდკოვი იყო იმ დუმის წევრი, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა; ასევე, ნავალნის მომხრე ოპოზიციონერების ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვებაზე “აჟიოტაჟის ატეხამდე” საჭიროა გავიხსენოთ, თუ ვის რა აქვს ნათქვამი საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე. ამ კონტექსტში სამხარაძემ გაიხსენა, რა უწოდა ნავალნის ქართველებს 2008 წელს.

„როგორც იქნა, ოფიციალური პასუხს ვეღირსეთ საქართველოს ხელისუფლებისგან. ეტყობა, დიდხანს ფიქრობდნენ, როგორ აეხსნათ, თუ რატომ არ შემიძლია მშვიდობის ხიდზე ხედის ფონზე ხინკლის ჭამა და, როგორც იქნა, მოიფიქრეს“, — ამბობს გუდკოვი ვიდეომიმართვაში და ნიკოლოზ სამხარაძეს ციტირებს.

„აფხაზეთის დამოუკიდებლობა სახელმწიფო დუმამ 2008 წელს ცნო. დეპუტატი 2011 წელს გავხდი. ხოლო 2008 წლიდან, როცა საქართველოში კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიიღეს, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში არასოდეს ვყოფილვარ, პატივს ვცემდი რა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, განსხვავებით დუმის დეპუტატ გავრილოვისგან, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მხარი დაუჭირა, მე არ ჩავმჯდარვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე — ის დეპუტატი, როგორც გვახსოვს, საქართველოს ხელისუფლებამ  გახარებულმა მიიღო.

მე მქვია დმიტრი გუდკოვი და არა — ალექსეი ნავალნი. მესმის, რომ საქართველოს მთავრობას ახლა ძალიან სჭირდება, თავი მოაწონოს პუტინს. სააკაშვილის ჩასმა საკმარისი არ არის, საჭიროა კიდევ არაერთი რიტუალური ჟესტი ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად, როგორც ჩანს, მოახლოებული არჩევნების კონტექსტში. მაგრამ ისე მაინც შეიძლება მოიტყუო, რომ სასაცილო არ გამოიყურებოდე“, — ამბობს გუდკოვი.

ის სამხარაძეს მიმართავს კითხვით:

ლიუბოვ სობოლიც სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იყო? იგორ კოჩეტკოვსაც ნავალნი ჰქვია? მინდა შეგახსენოთ, რომ არც ისინი შემოუშვეს საქართველოში. დამთხვევაა? — ალბათ“.

დმიტრი გუდკოვის აზრით, აფხაზეთთან დაკავშირებული პოზიცია რომ ყოფილიყო მისი არშემოშვების მიზეზი, ასეც დაუწერდნენ — ამისთვის არსებობს საქართველოს კანონის სპეციალური პუნქტი, მაგრამ მას “სხვა შემთხვევები” მიუთითეს. [გუდკოვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის 11-ე მუხლის (ვიზის გაცემაზე ან შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები) „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, რომელიც “კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს” ეხება. შესაბამისად, ბუნდოვანია, კონკრეტულად რის გამო არ შემოუშვეს ქვეყანაში დმიტრი გუდკოვი, – რედ.]

რუსი ოპოზიციონერი მიმართავს საქართველოს მოსახლეობასაც და ამბობს, რომ პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, ქართველ ხალხს, მათ სწრაფვას ევროპისკენ.

„მძულს პუტინის მსახურების მისწრაფება და ტყუილი. ორივე ჩვენი ქვეყანა იქნება თავისუფალი და დემოკრატიული“, — ამბობს გუდკოვი.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში არ შემოუშვეს. გასული წლის ოქტომბერში კი ალექსეი ნავალნის გუნდის კიდევ ერთმა წევრმა ლიუბოვ სობოლმა თქვა, რომ რამდენიმე თვით ადრე, აგვისტოში, ისიც გააბრუნეს საქართველოს საზღვრიდან. გასული წლის ივლისში საქართველოში არც ჟურნალისტი ილია აზარი შემოუშვეს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ “ნოვაია გაზეტაში” საქმიანობს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე რუსი ოპოზიციონერის საქართველოში არშემოშვებაზე საუბრისას მის პოლიტიკურ წარსულზე ამახვილებს ყურადღებას.

„ის იყო იმ დუმის წევრი, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. ამიტომ ვერ ვხედავ მე აჟიოტაჟის საფუძველს… ნავალნის მომხრე ოპოზიციონერების ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვებაზე როცა არის საუბარი, მე მინდა გაგახსენოთ, 2008 წელს ნავალნიმ რა უწოდა ქართველებს და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საქართველოს მიმართ მის დამოკიდებულებაზე. როდესაც რომელიმე პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ, ჩავიხედოთ ძალიან ღრმად წარსულში, თუ ვის რა აქვს ნათქვამი საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე“, — თქვა სამხარაძემ.

ნავალნის განცხადებების შესახებ2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნავალნი ომის პროვოცირებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ რუსეთის არმიას რაკეტები უნდა დაეშინა საქართველოს გენშტაბისთვის.2013 წელს, “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, ალექსეი ნავალნიმ ქართველების მღრღნელებად მოხსენიებას შეცდომა უწოდა, თუმცა თქვა, რომ მისი პოზიცია აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით უცვლელია.

“ვწუხვარ ჩემი არასწორი განცხადებების გამო, როდესაც ქართველები მოვიხსენიე “გრიზუნებად” (მღრღნელი), მე არასწორად მოვიქეცი და ეს იყო შეცდომა. პოლიტიკოსი ვარ და შეცდომის აღიარება შემიძლია. მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არ შეცვლილა. 2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს მთავრობის ქმედებებს მოჰყვა. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო რეგიონები წლების განმავლობაში არ იმართებოდა თბილისის მიერ, მათი მთავარი დამფინანსებელი კი წლებია რუსეთია. მე თუ პრეზიდენტი გავხდები, რაღაც პერიოდის განმავლობაში რუსული ბაზები შენარჩუნდება ამ ტერიტორიებზე, მაგრამ, დარჩება თუ არა სულ, ამაზე პასუხისთვის ახლა მზად არ ვარ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამსჯელო და კომპლექსური საკითხებია. მაგრამ რუსეთმა ხვალ რომ შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაფინანსება, რა მოხდება, რა შეიცვლება? საქართველოს დაუბრუნდებიან?” – განაცხადა ნავალნიმ.

2021 წელს ციხეში მყოფი ალექსეი ნავალნის თანაგუნდელმა ვლადიმირ მილოვმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნავალნის განცხადებები განმარტა.

როგორც მილოვმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა,  გარკვეული”პოზიციები შეიცვალა” და ისინი პრინციპულად ფიქრობენ, რომ “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული როგორც საქართველოს ნაწილი”.

“როცა საქართველოში 2008 წლის ომი მოხდა, მე და ის ძალიან ღიად ვჩხუბობდით ინტერნეტში ამ საკითხზე. ჩვენ ეს თემა ხშირად განგვიხილავს მოგვიანებითაც. ერთი მხრივ, მისი პოზიცია ამის შემდეგ ძალზედ შეიცვალა. ის, რა თქმა უნდა, ეთანხმება და მე ამას ხშირად ვახმოვანებ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის საზღვრების გადახედვა მიუღებელია. ეს მისი პრინციპული პოზიციაა. საჭიროა ასევე მაშინდელი კონტექსტის გათვალისწინება, 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა შემთხვევით არ წააგო არჩევნები. საქართველოში ვხედავდით ავტორიტარულ ტენდენციებს.

ფრიდომ ჰაუსმა” 2008 წელს საქართველოს რეიტინგები შეამცირა, იმიტომ, რომ ზღუდავდნენ ოპოზიციას. ნავალნიმ ამაზეც გააკეთა კომენტარი. სააკაშვილს ბევრი აღიქვამს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლს, მაგრამ მაშინ ეს ასე არ გამოიყურებოდა. გვახსოვს, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალში შეხვდებოდა ახალ წელს. 2006 წელს თბილისში ვიყავი, სააკაშვილსაც შევხვდი. მაშინ განიხილებოდა ასევე ძალადობრივი სცენარები ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად. მე და ნავალნის ეს არ მოგვწონდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალადობრივ სცენარებს. ამიტომ აქ სიტუაცია უნდა განვიხილოთ ისე, როგორც იყო 2008 წლის აგვისტოში. თუმცა ნათელია, რომ თავად რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს. არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ სვამს საზღვრების უცვლელობის პრინციპს. ჩვენ ყველა პრინციპულად ვართ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული როგორ საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა საჭიროა, არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც”, – აცხადებს მილოვი.

ინტერვიუში ის ასევე საუბრობს იმის შესახებ, თუ რა პოზიცია აქვს ნავალნის საერთაშორისო წესრიგთან, ევროკავშირთან, პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით და ა.შ.

“ნავალნი ყოველთვის იყო იმის მხარდამჭერი, რასაც უწოდებენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, დემოკრატიულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებსა და კანონს. რუსეთშიც სწორედ ამის შესახებ საუბრობს, კანონიერებაა მისი არგუმენტი დესპოტიზმის და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. ამიტომ უცნაურია ფიქრობდე, რომ საერთაშორისო არენაზე ის სხვა პრინციპებით იმოქმედებს.

ბევრი ახლა მის წარსულ განცხადებებს პოულობს, რომ თითქოს ნავალნის სურს ყოფილი საბჭოთა კავშირის ინტეგრაცია, რუსებს ყოველთვის სურთ საბჭოთა კავშირის აღდგენა. თუმცა ჩვენ ამას რეალურად, სრულიად განსხვავებულად ვუყურებთ, ვიდრე პუტინი. ჩვენთვის სასურველი იქნებოდა უფრო ახლო ინტეგრაცია დიდი ევროპული და ევრაზიული საზოგადოების – ევროპა ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე.

ჩვენ მოგვწონს დემოკრატიული ევროკავშირი, ჩვენ გვინდა, რომ ყველა აქეთკენ მივდიოდეთ, ამ მიმართულებით, და გავავრცელოთ ის წესები და ნორმები, რომლებიც მოქმედებს ევროკავშირში, ჩვენს ტერიტორიაზეც, და ასე დავუახლოვდეთ ერთმანეთს. ასე უნდა ხდებოდეს ჩემი და ნავალნის პოზიციების ინტერპრეტაცია. ანუ, ჩვენ არ ვხედავთ რუსეთს, როგორც ძალის ცენტრს, რომელიც ევროპას უპირისპირდება. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში ბარიერები უნდა მოვხსნათ, წავიდეთ ევროპისკენ და იქ გზაზე შევხვდეთ”, – აცხადებს მილოვი.