ახალი ამბები

იშვიათი შესაძლებლობა, ერთიანობა ეჩვენებინათ, ხელიდან გაშვებულია – მიკსერი რეზოლუციაზე

3 თებერვალი, 2022 • 874
იშვიათი შესაძლებლობა, ერთიანობა ეჩვენებინათ, ხელიდან გაშვებულია – მიკსერი რეზოლუციაზე

ევროპარლამენტარ სვენ მიკსერის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისას ერთიანი პოზიციის დაფიქსირების „ძალიან იშვიათი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა“.

ამის შესახებ მან დღეს, 3 თებერვალს, ქართულ მედიასთან განაცხადა. დღეს მიკსერს, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელია, საქართველოს პარლამენტში მოუსმინეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მიკსერმა შეხვედრები გამართა როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან.

მისი თქმით, აღნიშნულ შეხვედრებზე  რეზოლუციის შესახებ საუბრისას დაინახა, რომ  მმართველ პარტიასა და ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს შორის დიდად განსხვავებული პოზიციები არ ყოფილა.

სვენ მიკსერის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს ძალიან კონკრეტული ვითარება აქვს და ანალოგიური პრობლემის მქონე ქვეყნების მხარდაჭერის სრული აღქმა არსებობს.

მისი თქმით,  რეზოლუციის ირგვლივ მიმდინარე დებატები  ქართულ პოლიტიკაში არსებულ ვითარებას ასახავს, სადაც ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან კომპრომისი სისუსტის ნიშანად აღიქმება, რაც „ნამდვილად დასანანია“.

„ვფიქრობ, რომ პარტიებს შორის  საკმარისი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ერთიან პოზიციამდე მივიდნენ.  ვფიქრობ, ძალიან იშვიათი შესაძლებლობა, რომ ერთიანობა ეჩვენებინათ, ხელიდან გაშვებულია. ვფიქრობ, ორივემ, მმართველმა პარტიამ და ასევე ოპოზიციამ, უნდა იფიქროს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს  კომპრომისასთვის. პირველი ნაბიჯი კი მმართველმა პარტიამ უნდა გადადგას, რომელსაც უმრავლესობა აქვს“, – განაცხადა სვენ მიკსერმა.

პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა. ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ითხოვდა, რომ რეზოლუციაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი, ჩაწერილიყო. თუმცა “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. შესაბამისად, რეზოლუციას მხარი  ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი