ახალი ამბები

შეწყდეს ძალადობა შშმ ადამიანებზე — აქცია თბილისში

29 იანვარი, 2022 • 1647
შეწყდეს ძალადობა შშმ ადამიანებზე — აქცია თბილისში

თბილისში, რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე ძალადობის საწინააღმდეგო აქცია იმართება.

შშმ თემის წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებული შეკრება ერთ-ერთია საპროტესტო აქციებს შორის, რომლებიც თბილისში პოლიციელის მიერ არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის შემდეგ გაიმართა.

” „ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო?“ – ეს არის იმ პოლიციელის დამცინავი სიტყვები, რომელმაც 24 იანვარს თბილისის მეტროსადგურში სასტიკად იძალადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანზე.

ის ფიზიკურად გაუსწორდა, დაამცირა და ღირსება შეულახა ყრუ ბიჭს. ეს შემზარავი შემთხვევა სინამდვილეში ჩვენზე – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე – სისტემური ძალადობის მხოლოდ ერთი ფრაგმენტია”, — აღნიშნავენ ორგანიზატორები.

აქცია რუსთაველის ძეგლთან

აქციის მონაწილეებზე ადგილზე მიტანილი აქვთ პლაკატები სხვადასხვა გზავნილით, მათ შორის “არა ძალადობას!”; “ჩვენ არ ვართ მუნჯები!”; “სოლიდარობა გვაძლიერებს”.

“როცა ადამიანი ვერ ლაპარაკობს, პოლიციას უნდა გამოეძახა თარჯიმანი და უნდა ეთქვა, რას აშავებდა. მივიდა და პირდაპირ სცემა. ამის უფლება არ უნდა ჰქონდეს პოლიციას”, — უთხრა მედიას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქეთო წიკლაურმა.

ადგილზე მივიდა პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარიაც.

“ეს არის საზოგადოებრივი სტიგმა, ისე სახელმწიფოს მხრიდან სრული იგნორირება [შშმ პირთა] პრობლემებისა… ეს სცდება თემის პრობლემატიკას. რანაირი საზოგადოება ვართ, თუ ჩვენთვის ნორმალურია, რომ ასე ეპყრობოდნენ ამ თემს?” — დასძინა მან.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ პარლამენტის შენობასთან.

აქცია რუსთაველის ძეგლთან

რა მოხდა?

ჯერ სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“, შემდეგ კი ტვ „პირველის“ ეთერში გავრცელებულ კადრებში მოქმედება ვითარდება 23 იანვარს თბილისში, ისნის მეტროსადგურში.

17 წლის ბიჭი, რომელსაც სმენასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ძმასთან და მეგობრებთან ერთად ისნის მეტროში იმყოფება.

მალევე ისინი მეტროს ფოიეს უახლოვდებიან, რა დროსაც პოლიციელს 17 წლის ბიჭი პოლიციელებისთვის განკუთვნილ ოთახში შეჰყავს და მის ცემას იწყებს.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, შსს-მ ორი პოლიციელი დააკავა. სასამართლომ ისინი პატიმრობაში დატოვა. მანამდე, დაკავებულები ამტკიცებდნენ, რომ დანაშაულის ამსახველ კადრებში ისინი არ ფიგურირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი