საზოგადოება

ჯაფარიძეს, ხოშტარიასა და ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

15 თებერვალი, 2022 • 1428
ჯაფარიძეს, ხოშტარიასა და ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 15 თებერვალს, გაიმართა.

ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.

საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობად გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.

“ლელოს” წევრის, დავით უსუფაშვილის თქმით, ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტა “ფეიქ” პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულებაა.

„იმედი მქონდა, რომ ამ საპარლამენტო მოწვევის საქმიანობის განვლილ წელიწადნახევარში ყველა გავიაზრებდით და დავინახავდით, რომ პარლამენტში საჭიროა მუშაობა და არა ხელების გადაგრეხვა, არა ვიწროპარტიული ინტერესების მიღწევა. მაგრამ დღეს, როგორც ჩანს, ამ დარბაზში კვლავ ამის მანიფესტაცია შედგება. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი შევახსენო ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან. განსაკუთრებით, მათ, ვისაც არ სჯერა, რომ ბადრი ჯაფარიძის მანდატის მსხვერპლად შეწირვა სამშობლოსთვისაა აუცილებელი – ვხედავ მე აქ ხალხს, ვინც ასე უყურებს საქმეს და ასე წარმოუდგენია, რომ ქვეყნისთვისაა საჭირო.

იმ ხალხს მივმართავ, ვინც კარგად იცის, რომ სამი წლის განმავლობაში საქართველოში საზოგადოება იყო მოწმე სწორედ „ფეიკ“ სასამართლო პროცესის. სამი წლის განმავლობაში, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებოდნენ სწორედ „ფეიკ“ ბრალდებით. რატომ? იმიტომ, რომ სხვა ვერაფერში ბრალს ვერ დასდებდნენ და პროკურორმა უარი თქვა სხვა მუხლებში ბრალის დადებაზე, რომელზეც მერე სასამართლომ დააფუძნა განაჩენი. ვინც შემძლე ბრძანდებით, რომ დაინახოთ სწორედ ეს „ფეიკ“ მართლმსაჯულება, რომელმაც შვა ის ქაღალდი, რომელსაც ახლა ჰქვია განაჩენი და რომელშიც წერია, რომ ბადრი ჯაფარიძე დამნაშავეა იმაში, რაც დანაშაული არ არის. ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებოდნენ „ფეიკ“ ბრალდებით, იმიტომ, რომ სხვა ვერაფერში ბრალს ვერ დასდებდნენ და პროკურორმა უარი თქვა სხვა მუხლებში ბრალის დადებაზე, რაზეც სასამართლომ დააფუძნა განაჩენი, სადაც წერია, რომ ბადრი ჯაფარიძე დამნაშავეა იმაში, რაც დანაშაული არ არის“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ფრაქცია “ქართული ოცნების”თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ხანდაზმულობა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს.

“თქვენ რომ მოიპაროთ ტელეფონი და ეს გაირკვეს 20 წლის შემდეგ, ამ ტელეფონის მფლობელი მოგთხოვთ ანაზღაურებას თუ ვერ? ე.ი. არ ათავისუფლებს ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ხალხს რომ ატყუებთ, ხანდაზმულობა არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. თავისუფლდება სასჯელისგან! სისხლის სამართლებრივი სანქციისგან თავისუფლდება”, – განაცხადა მდინარაძემ.

ელენე ხოშტარია მეათე მოწვევის პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ სიით მოხვდა, თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში პარტია დატოვა და მოძრაობა „დროა“ დააფუძნა. ელენე ხოშტარია აცხადებდა, რომ ვინაიდან “ევროპული საქართველო” დატოვა, სადეპუტატო მანდატი არა მას, არამედ პარტიას ეკუთვნოდა.

ამასთან, ხოშტარიას ხელი არ მოუწერია შარლ მიშელის დოკუმენტისთვის, რომლის საფუძველზეც ოპოზიციის ნაწილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა, პარლამეტში შევიდა.

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 7 თებერვალს მხარი დაუჭირა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნათელაშვილი პარლამენტში შესვლას გეგმავდა.

„ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკურმა კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით განცხადებაც დაავრცელა:

„15 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, ამით ისინი ლეიბორისტული პარტიის ამომრჩევლებს შეუზღუდავენ კანონიერ უფლებას, ჰყავდეთ წარმომადგენელი პარლამენტში. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლას გავაგრძელებთ“, – აცხადებს „ლეიბორისტული პარტია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი