„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე მიიღებს.
იმ შემთხვევაში, თუ ნათელაშვილი პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს, უპირველეს მოთხოვნად 40-წუთიანი სიტყვის უფლებას დააყენებს.
ამის შესახებ მან დღეს, 12 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ახლა შიშის ზარი დაეცათ, როდესაც წარმოიდგინეს, როგორ ვამხელ მათ პარლამენტის ტრიბუნიდან, გადავიდნენ მოუკრეფავში და წარმოუდგენელი ფანტაზიური აზრები გაეხსნათ იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ ჩვენი დისკრედიტაცია ხალხში, რაც გამორიცხული და წარმოუდგენელია.
მაგრამ, სამწუხაროდ, მინდა მოგახსენოთ, რომ ვითარება ქვენის შიგნით და გარეთ არის ურთულესი და ფეთქებადსაშიში. რა თქმა უნდა, ახალი საპარლამენტო არჩევნები არის გარდაუვალი აუცილებლობა და ამისათვის ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა საშუალებით. ერთი რამ მინდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა – მე მიწის ზევით ვიქნები, პარლამენტში ვიქნები, მიწის ქვევით თუ კოსმოში, აუცილებლად მის რეჟიმს დავამთავრებთ საქართველოში და თვითონ დაჯდება საბრალდებო სკამზე. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე შემიწყვეტენ თუ არა მანდატს, მეც და პარტია იქნება ის, რას ვართ.
გამოკითხვა მიმდინარეობს, ძალიან აქტიურად მონაწილეობს ხალხი ამ პროცესში. ალბათ, საგაზაფხულო სესიამდე, რომელიც თებერვალში იხსნება, ჩვენ უკვე ჩამოვყალიბდებით. ალბათ, უპირველესი მოთხოვნა, რაც ჩვენ გვაქვს და ოფიციალურად წარვადგენთ ამას – მინიმუმ 40-წუთიანი სიტყვის უფლება, როგორც კი პარლამენტში შევალ. არავინ წარმოიდგინოს, რომ მე იქ შევალ, თუ ასე მოხდა, და დავჯდები ჩუმად. 40-წუთიანი სიტყვა მინიმუმ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გამოკითხვა 10 იანვარს დაიწყო.
“მას შემდეგ, რაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლით აზრი დაუკარგა ბოიკოტს, ფიქრობთ თუ არა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ უნდა გამოიყენოს თავისი მანდატი და შესაბამისად, მე შევიდე პარლამენტში?”, – დაწერა ნათელაშვილმა.
ლეიბორისტულმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. შალვა ნათელაშვილი ამ დრომდე უარს აცხადებდა პარლამენტში შესვლაზე. თავის დროზე ნათელაშვილს პარლამენტისთვის, სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების მსგავსად, მიმართული ჰქონდა მანდატის შეწყვეტის განაცხადით, თუმცა მაშინ უმრავლესობამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მას ასევე არ მოუწერია ხელი 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომლის შედეგადაც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ.
ამასთან, 2021 წლის 22 ივნისს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც პარტია, რომელიც მანდატების ნახევარს მაინც არ გამოიყენებს, სახელწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებს. კანონი 2022 წლის პირველი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.
იმ შემთხვევაში, თუკი პარტიას კანონის ამოქმედებისას ეს მანდატი შეწყვეტილი ექნება, მაშინ მას საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება. შესაბამისად, თუ უმრავლესობა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილებას შეუჩერებს, პარტია მთლიანად დაკარგავს საბიუჯეტო დაფინანსებას, ხოლო ბოიკოტის რეჟიმში მას დაფინანსება დროებით შეუჩერდება.
თავად შალვა ნათელაშვილი მიიჩენვს, რომ აღნიშნული კანონი პარტიის წინააღმდეგაა მიმართული.
“ოცნების” კანონპროექტი ლეიბორისტებს დაფინანსების გარეშე ტოვებს