NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევით, არსებული პოლარიზაციის ფონზე, მოსახლეობის უმრავლესობა პარტიათაშორის თანამშრომლობას უჭერს მხარს.
80 პროცენტი ფიქრობს, რომ მათმა რჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც ზოგიერთი პარტიის ქმედებები ან მოსაზრებები მისთვის მიუღებელი იყოს. ამის წინააღმდეგი მხოლოდ 8%-ია, 11%-ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
პარტიათაშორისი თანამშრომლობა მოქალაქეებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. მოქალაქეთა უმრავლესობა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შემრიგებლის როლში ადგილობრივ აქტორებს მოიაზრებს. უმეტესობა (34 პროცენტი) ამბობს, რომ ეს როლი თავად პარტიებმა უნდა ითავონ, 11 პროცენტი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ყველაზე კარგად გაუმკლავდებოდა შუამავლის როლს. დარჩენილი 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ფუნქცია დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ.
“ახალი კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ მოქალაქეები პარტიებს შორის თანამშრომლობას ითხოვენ. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის აღმოფხვრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის პრიორიტეტად უნდა იქცეს”, – განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.







