ახალი ამბები

მიუღებელია, კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს პოლიციას — პრეზიდენტი

26 იანვარი, 2022 • 1100
მიუღებელია, კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს პოლიციას — პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები აზიანებს პოლიციის „თავდაუზოგავ სამსახურს“ ქვეყნის და ხალხის წინაშე.

„უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია. დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც, სამწუხაროდ, აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია, მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რომელ ინდივიადუალურ ქმედებებს ეხმაურება პრეზიდენტი. თუმცა 24 იანვარს საზოგადოებამ იხილა, როგორც სცემა პოლიციის თანამშრომელმა 17 წლის სმენისა და მეტყველების უნარის არმქონე ბიჭს, ამ დროს კი მეორე პოლიციელს არაფერი გაუკეთებია მის შესაჩერებლად.

25 იანვარს გავრცელებულ კადრებში კი ჩანს, რომ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომელმა მეგობარ ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.

რა სისტემურ პრობლემებს ამხელს პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემა

ქალზე ძალადობის ბრალდებით ზუგდიდში პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი