სამართალი

რა სისტემურ პრობლემებს ამხელს პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემა

25 იანვარი, 2022 • 2351
რა სისტემურ პრობლემებს ამხელს პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემა

24 იანვარს საზოგადოებამ იხილა, როგორც სცემა პოლიციის თანამშრომელმა 17 წლის სმენისა და მეტყველების უნარის არმქონე ბიჭს, ამ დროს კი მეორე პოლიციელს არაფერი გაუკეთებია მის შესაჩერებლად.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე სპეციალისტებისა და მართლმსაჯულების სისტემის ექსპერტების თანახმად, ამ ამბავში ერთად იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება და ამავე დროს არაერთ სისტემურ პრობლემას აშიშვლებს.

„რომ ავალაპარაკო ახლა“?

ჯერ სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“, შემდეგ კი ტვ „პირველის“ ეთერში გავრცელებულ კადრებში მოქმედება 23 იანვარს თბილისში, ისნის მეტროსადგურში ვითარდება. 17 წლის ბიჭი, რომელსაც სმენასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ძმასთან და მეგობრებთან ერთად ისნის მეტროში იმყოფება.

ვიდეოში ჩანს, რომ ახალგაზრდებთან, რომლებიც ესკალატორზე დგანან, პოლიციის თანამშრომელია მისული. მას მკლავითა ჰყავს დაჭერილი 17 წლის ბიჭი და ეკითხება:

-„შენ ხომ მიცნობ“?

-„ეს ყრუ-მუნჯია“ – პასუხობს ერთ-ერთი თანმხლები ბიჭი.

-„მანდ უნდა იაროს მერე“? – ეკითხება ამჯერად მას პოლიციელი.

-„ყრუ-მუნჯია, არ ესმის, ვეუბნებოდი, ჩამოდი-მეთქი“ – პასუხობს იგივე ხმა.

-„შენ ხომ ჭკვიანი ხარ, შენ ხომ გესმის, მერე უნდა გააგებინო“- პასუხობს პოლიციელი.

-„ყრუ-მუნჯია, რა უნდა გააგებინო“ – იღებს პასუხად.

-„ყრუ-მუნჯია“? – კითხულობს კიდევ ერთხელ პოლიციელი.

-„ყრუ-მუნჯია, ძია“ – ამჯერად მეორე ბიჭი პასუხობს პოლიციელს.

-„რო ავალაპარაკო ეხლა“? – კითხულობს პოლიციელი [სტილი დაცულია].

-„მიდი, აი, თუ აალაპარაკებ, მილიონს მოგცემ, თუ არადა, შენ მომცემ“? – იღებს პასუხად.

ამასობაში ყველანი ერთად, ესკალატორით, მეტროს ფოიეს უახლოვდებიან, რა დროსაც პოლიციელს 17 წლის ბიჭი პოლიციელებისთვის განკუთვნილ ოთახში შეჰყავს და მის ცემას იწყებს.

აქცია კადრების გავრცელების შემდეგ. 24 იანვარი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პირველადი მოკვლევის თანახმად, „მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას“.

ამასთან, ინსპექტორის თანახმად, ძალადობის შედეგად არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, „განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად“.

რაც შეეხება მეორე თანამშრომელს, ინსპექტორის სამსახურის სიტყვებით, იმის მიუხედავად, რომ იგი „შეესწრო კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს“, ამის შესახებ არ შეატყობინა საგამოძიებო ორგანოს (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს).

დაკავება და გამოძიება

25 იანვარს, დილის 10 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სპეციალურ ბრიფინგზე სამსახურის წარმომადგენელმა სპიკერმა განაცხადა, რომ ორივე პოლიციელი დააკავეს. ზემოთ აღწერილი გარემოების გათვალისწინებით:

  • პირველი პოლიციელი დააკავეს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით, რომელიც „ჩადენილია მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ“ – რაც არის სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლი.
  • მეორე პოლიციელი დააკავეს კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“.

ძირითადი ბრალდება იმ პოლიციელს აქვს წარდგენილი, რომელიც უშუალოდ სცემს 17 წლის მოზარდს. თუმცა ოლღა კალინა, რომელიც წლებია, შშმ პირების უფლებებზე მუშაობს, შენიშნავს, რომ პოლიციელის მიმართ წარდგენილი ბრალი, შესაძლოა, საკმარისად მკაცრი არ იყოს, შემდეგი აზრით:

„აღნიშნულ მუხლებში, რომლებიც ეხება სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, დამამძიმებელ გარემოებად გამოყოფილი არ არის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლის მიმართ ძალადობა, თუნდაც შშმ პირის მიმართ ძალადობა“, – ამბობს იგი.

ოლღა კალინა

საკანონმდებლო ხარვეზი?

ბავშვთა და შშმ პირთა უფლებადაცვითი ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, სისხლის სამართლის იურისტი, ანა თავხელიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, იმ დამამძიმებელი ნიშნების ჩამონათვალში, რომელიც 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილშია ჩამოთვლილი, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშანიც იყოს დამატებული.

„ასეთ შემთხვევაში, სანქციაც უფრო მკაცრი იქნებოდა და უფრო სრულყოფილი იქნებოდა კვალიფიკაცია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ეს ნიშანი სახელმწიფომ შეფასების გარეშე უნდა დატოვოს“, – ამბობს ანა თავხელიძე და განმარტავს, რომ ამ მიზნით არსებობს კოდექსის 53-ე პრიმა მუხლი, – დამამძიმებელი გარემოებები, რომელთა ჩამონათვალშიც შეზღუდული შესაძლებლობის ნიშანიც არის გაწერილი.

„ეს, ასე ვთქვათ, არის „მოსამართლის მუხლი“, რითაც შეიძლება პასუხისმგებლობის დამძიმება. თუმცა პასუხისმგებლობას ვერ დაუმძიმებს მოსამართლე, თუ პროკურორი არ მიედავა ბრალდებულს ამ ნიშნით. ამიტომ, პრაქტიკაში ასე ხდება: პროკურორი ბრალის დადგენილებაში სიტყვიერად წერს ტექსტს 53-ე პრიმიდან, რომ, მაგალითად, ამ შემთხვევაში, „ეს დანაშაული ჩადენილია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით“.

პროკურორის ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ ამ მუხლის გამოყენება მოგვიანებით მოუწევს მოსამართლეს და ამ მუხლიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას დაუმძიმებს. სასჯელის ზედა ზღვარს, 10 წელს, იგი ვერ გადასცდება, თუმცა მინიმალურ 5 წელს ვერ მიუსჯის და ქვედა ზღვარი აიწევა 6 წლამდე“, — განმარტავს იურისტი.

„შეიძლება, წამებად გადაკვალიფიცირდეს“

იურისტი ანა თავხელიძე ასევე ამბობს, რომ სადავოა, რამდენად არის აღნიშნულ შემთხვევაში „დამამცირებელი მოპყრობა“ სწორი კვალიფიკაცია და განმარტავს, რომ „შეიძლება, ეს ფაქტი შეიცავდეს წამების ნიშნებს, რადგან იკვეთება დასჯის მიზანი და აგრესია, განსაკუთრებით, აგრესიული ქცევა პოლიციელის მხრიდან“.

ანა თავხელიძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

წამებას სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ვადად 9-დან 15 წლამდე პატიმრობას განსაზღვრავს.

„რასაც ვხედავთ, ეს უფრო შეესაბამება წამებას, თუმცა შესაძლებელია, რაღაც პერიოდის შემდეგ დაზუსტდეს კვალიფიკაცია; ესე იგი, ბრალდებულს ბრალი დაუზუსტდეს და გამოძიება გაგრძელდეს წამების მუხლით.

თუმცა აღნიშნული, 144-ე პრიმა მუხლშიც არ არის ცალკე ჩამონათვალში გაწერილი შეზღუდული შესაძლებლობების ნიშანი დამამძიმებელ გარემოებად და ბრალდების მხარეს იქაც მოუწევს ზემოთ აღნიშნული, ცალკე დისკრიმინაციული ნიშნის გამოყენება“, – განმარტავს იურისტი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.

როგორ იქცევა პოლიცია შშმ პირებთან ურთიერთობისას?

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და მართლმაჯულების სისტემის სპეციალისტები, მიმდინარე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მიღმა, სხვა პრობლემების არსებობაზეც მიუთითებენ. მაგალითად, ოლღა კალინა „ნეტგაზეთს“ ეუბნება:

„ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც საქმე ეხება სავარაუდო არასრულწლოვანს, რომელიც თან შშმ პირია, რომელსაც აქვს სავარაუდო სმენის ან მეტყველების პრობლემა, რაც ხელს უშლის კომუნიკაციაში, არ არსებობს პოლიციელისთვის ინფორმაცია, თუ რა უნდა გააკეთოს მსგავს შემთხვევაში“.

კალინას თანახმად, „უნდა არსებობდეს გარკვეული ინსტრუქცია, ალგორითმი, თუ ვის უნდა მიმართოს პოლიციელმა, ვინ გამოიძახოს კომუნიკაციის დასამყარებლად“. „ამ შემთხვევაში, თუკი საჭიროება მოითხოვდა, უნდა მომხდარიყო ჟესტური ენის თარჯიმნისა და ფსიქოლოგის გამოძახება, რაც თავში აზრადაც არ მოსვლია არც პირველ პოლიციელს და არც მის კოლეგას“, – გვეუბნება იგი.

„ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა სმენის არმქონე პირს. უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა, ფსიქოსოციალური, ინტელექტუალური პრობლემების მქონე ადამიანებს მსგავსი ინსტრუქციის არარსებობა შეეხოს კიდევ უფრო მძიმედ. მათაც ხშირად აქვთ კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ამასთან, გარკვეული ქცევა, რაც შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემის შემქმნელი პოლიციის მათთან ურთიერთობის შემთხვევაში“, – ამბობს ოლღა კალინა.

როგორც ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, მართალია, შსს აცხადებს, რომ მსგავსი პროტოკოლები არსებობს, თუმცა არ ასაჯაროვებს მათ, რის გამოც მსგავსი დოკუმენტების შინაარსის განხილვა შეუძლებელია:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალი წელია, ძალიან კარგად სარგებლობს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების მხარდაჭერით და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, რომ შშმ პირების დახმარებისთვის, მათთან კომუნიკაციისთვის, ასევე შშმ პირების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, აქვთ შემუშავებული მთელი რიგი მეთოდოლოგიები.

თუმცა საინტერესო ის არის, რომ ამ მეთოდოლოგიებს ასაიდუმლოებენ. უწყება ამბობს, რომ გარკვეულ პროტოკოლებს იღებს, რაც არ არის საჯარო. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით, ამ დოკუმენტებში რა წერია. ამის გამო გვიწევს, ვიმსჯელოთ მხოლოდ იმით, რასაც ვხედავთ. ამ შემთხვევაში კი ვხედავთ, რომ ეს პოლიციელი არაფერს არ იცავს“.

[გირჩევთ ვრცლად: „ბიჭი ვერც კი მიხვდა, რატომ სცემეს“ – როცა პოლიციელი მსხვერპლად შშმ პირს ირჩევს]

„სიძულვილის ნიშანი“

„პოლიციელი არათუ უბრალოდ არ იცავს არანაირ სტანდარტს და არ ითვალისწინებს, რომ ბიჭი არასრულწლოვანია და თან შშმ პირია, არამედ პირიქით, იმიტომ ექცევა, როგორც ექცევა, რომ ის შშმ პირია. ამიტომ მგონია, რომ იგი მას ამ ნიშნით გამოარჩევს.

ამიტომ მეც ვკითხულობ: ხომ არ არის ეს დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი ქმედება შშმ პირის მიმართ პოლიციელის მხრიდან? თუ ეს დამტკიცდა, გამოდის, ეს არის სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული“, – გვეუბნება ანა არგანაშვილი.

ანა არგანაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი

იგი განმარტავს, რა იგულისმხება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულში:

„სიძულვილს რომ ვამბობთ, კი არ ვგულისხმობთ, რომ „ადამიანს მსხვერპლი სძულს“. არა. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ერთ-ერთი მანიშნებელი არის ის, რომ მოძალადე მსხვერპლს არჩევდეს მოწყვლადობის ნიშნით, – რასობრივი, განსხვავებული ინდენტობის, ან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით.

აქ როგორც ვხედავთ, ადამიანმა იცის, რომ შშმ პირია და ამიტომაც მიჰყავს და გამეტებით ძალადობს მასზე. თუ დადგინდა, რომ ეს არის დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაული პოლიციელის მიერ, მაშინ ჩვენ შევძლებთ, ვილაპარაკოთ სახელმწიფო უწყებების სისტემურ პრობლემაზე“, – ამბობს იგი.

ცალკეული შემთხვევა?

გურამ იმნაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი წერს, რომ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრობლემას არაერთი შრე აქვს და არ შეიძლება ამ პრობლემის ცალკეული პოლიციელის „გადაცდომამდე“ დაყვანა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, რომ „ამგვარი პრაქტიკები არ და ვერ იქნება ერთეული შემთხვევები“ და „უფლებამოსილების გადამეტების ასეთი მძიმე შემთხვევები ვერ იარსებებს ჰუმანურობაზე და ადამიანის პატივისცემაზე დაფუძნებულ სტრუქტურაში“.

არათუ ბოლო პერიოდში, არამედ ბოლო წლებში საზოგადოებას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილების გადამეტებით ფიზიკურ ძალადობაში სდებდნენ ბრალს. მაგალითად:

  • ერთი თვის წინ ბათუმში ჟურნალისტებმა, გიორგი არობელიძემ და რატი რატიანმა განაცხადეს, რომ ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში სცემეს მას შემდეგ, რაც მოქალაქეს გამოესარჩლნენ;
  • ლუკა სირაძე – 15 წლის ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღით ადრე სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მის გარდაცვალებას წინ უძღოდა დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მას დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან „დანაშაულის“ აღიარებას ითხოვდნენ. 15 წლის ლუკა სირაძეს პოლიცია ყოფილი სკოლის შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა – „ამ ცხოვრების დედაც“.
  • დემურ სტურუა – 22 წლის დემურ სტურუამ 2016 წლის 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, მან თავი მოიკლა პოლიციელ გოდერძი თევზაძის ზეწოლისა და ძალადობის გამო.

ინსპექტორის სამსახურის გაუქმება

ანა არგანაშვილი (PHR-ის ხელმძღვანელი) ასევე მიუთითებს, რომ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სწრაფ რეაგირებას, ხოლო მისი გაუქმება კი არის მესიჯი კანონდამრღვევი სამართალდამცავებისთვის, რომ ისინი არ დაისჯებიან.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დამოუკიდებელია ეს სახელმწიფო ინსპექტორი, მიუკერძოებლად მოქმედებს და ერთ ღამეში დადო შედეგი. სამწუხაროდ, პირველი მარტიდან ეს უწყება აღარ გვექნება. რაც ტრაგიკულია იმიტომ, რომ დავინახეთ, რომ ზუსტად ამ დამოუკიდებლობისათვის დასაჯეს და სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს, თავად სამსახური გააუქმეს.

ნებისმიერი სხვა, ვინც იქნება მის ნაცვლად შექმნილი ორი ახალი სამსახურის ხელმძღვანელი, ვერ იქნება დამოუკიდებელი, რადგან ექნება განცდა, რომ მასაც გაუშვებენ“, – ამბობს არგანაშვილი.

[ვრცლად: სახელმწიფო ინსპექტორის კრიტიკული გადაწყვეტილებები]

„ცემა, როგორც რუტინა“

ოლღა კალინა ამ შემთხვევის კიდევ ერთ ასპექტს გამოყოფს:

  • „სასწაული მოხდა, რომ ეს საქმე გახდა საჯაროდ ცნობილი, – ვიდეო შემთხვევით გადაიღეს და გავრცელდა. ჩვენ რეალურად არც ვიცით, რამდენი მსგავსი შემთხვევა ხდება კამერებს, დახურულ კარს მიღმა.
  • ის ფაქტი, რომ ცემა მიმდინარეობს სამსახურებრივ სივრცეში მინიმუმ ერთი კოლეგის თანდასწრებით, იმის მანიშნებელია, რომ მსგავსი „კომუნიკაცია“ რუტინული პროცესია და აღიქმება როგორც სამსახურის ნაწილი. ამას ადასტურებს პოლიციელის რემარკაც, „რომ ავალაპარაკო ეხლა?“. ანუ ცემა აღიქმება როგორც „ალაპარაკების“ მიღწევის რუტინული საშუალება;
  • ასე რომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათად არ ხდება“, – ამბობს იგი.

საჭირო ცვლილებები

გურამ იმნაძეც მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა წლების მანძილზე წარმოადგენს სისტემურ გამოწვევას და „მას აქვს როგორც პრაქტიკული (ადმინისტრირების), ისე ინსტიტუციური და პოლიტიკური ფაქტორები“, რის გამოც იმისთვის, რომ რეალურად შეიცვალოს ვითარება, სამივე ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები. როგორც გურამ იმნაძე წერს, საჭირო ცვლილებების ნუსხა ასეთია:

ადმინისტრირების თვალსაზრისით:

  • მინიმუმ ყველა ის პოლიციელი, რომელსაც მოქალაქეებთან აქვს პირდაპირი, ღია კომუნიკაცია, აღჭურვილი უნდა იყოს სამხრე ვიდეოკამერით და მოქალაქესთან ყველანაირი კომუნიკაცია სავალდებულოდ უნდა იწერებოდეს სრულად;
  • პოლიციის ყველა შენობა, სადაც მოქალაქეების დაკავება ან მათი გამოკითხვა/დაკითხვა ხდება, აღჭურვილი უნდა იყოს სათვალთვალო კამერებით ისე, რომ იქ მოხვედრილი ადამიანის განყოფილებაში ყოფნის პერიოდი სრულად ფიქსირდებოდეს, აგრეთვე იწერებოდეს მის მიერ ჩვენების მიცემის პროცესი.

ინსტიტუციური თვალსაზრისით, იმნაძე წერს, რომ „ძალადობა უკვე ამ სისტემის კულტურის ნაწილია“, რის გამოც მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო. კერძოდ:

  • „საპოლიციო ეთიკის ნორმების დახვეწა და უმკაცრესი კონტროლი;
  • შიდაინსპექტირების მექანიზმების ეფექტიანობის ზრდა;
  • პოლიციის თანამშრომლებისთვის ნორმალური (ნორმირებული) სამუშაო პირობების უზრუნველყოდა და მათი საკმარისი სამსახურებრივი გარანტიებით აღჭურვა, რომ არ დაექვემდებარონ უკანონო ბრძანებებს და მითითებებს;
  • პოლიციაში whistleblower-ის ინსტიტუტის რეალური შექმნა და ასეთი ადამიანების მაღალი გარანტიებით დაცვა;
  • ეფექტიანი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რომელიც დროულად და სხვა უწყებებისგან დამოუკიდებლად გამოიძიებს პოლიციელის/პროკურორის მიერ ჩადენილ დანაშაულს (აქ კი ვიცით, გაძლიერების ნაცვლად, რეალურად ძირი რომ გამოუთხარა პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს)“;

გურამ იმნაძე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პოლიტიკურ განზომილებასთან დაკავშირებით კი იმნაძე აღნიშნავს:

„აქ, მგონი, ყველაზე რთულად გვაქვს საქმე, რადგან არასდროს, არცერთ ხელისუფალს პოლიციელის ძალადობაზე არ აუღია რეალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის, ვინც დღეს ითხოვს პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას, წარსულში თავად ხუჭავდა თვალს (ისიც კარგ შემთხვევაში) პოლიციის მხრიდან მოქალაქეების გადათელვაზე.

თუმცა, მინისტრის გადაყენების მიღმა, არსებობს პოლიტიკური ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც დღესაც შეიძლება და რომლითაც არასათანადო მოპყრობის პრობლემა ადეკვატურად შეიძლება დადგეს პოლიტიკურ დღის წესრიგში, მაგალითად, თემატური მოკვლევა, მინისტრის კომიტეტში დაბარება, საპარლამენტო კომისიის შექმნა და ა.შ.)“.

მასალების გადაბეჭდვის წესი