ზუგდიდში ქალზე ძალადობის ბრალდებით პროკურატურამ პოლიციის თანამშრომელი დააკავა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 25 იანვარს ქ. ზუგდიდში პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.
პროკურატურამ გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო 26 იანვარს დააკავა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება, რის შემდეგაც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.
აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელის მხრიდან ქალზე ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.