ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR], რომელიც სასამართლოში ნელი დოროყაშვილისა [იგივე ნეკა დოროყაშვილი] და მისი შვილის ინტერესებს იცავს, გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება.
ორგანიზაცია ამბობს, რომ ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საუბრის ჩანაწერი, რომელიც მედიაში გავრცელდა, სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების სახით დევს და მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, ეს ჩანაწერი აიღონ საჯარო სივრციდან.
საუბარია „ტელეკომპანია პირველის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე, სადაც ისმის, როგორ აყენებს ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილსა და მათ მცირეწლოვან შვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ჩანაწერში ასევე ისმის ბავშვის ხმაც. თავად ბასილაშვილი ამბობს, რომ ჩანაწერი არის „ ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი“.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ბავშვისა და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია აღნიშნული კომუნიკაციის აუდიოჩანაწერების გასაჯაროება, რაც პირველ რიგში ზიანს აყენებს დაზარალებულთა, განსაკუთრებით ბავშვის ინტერესებს და იწვევს მათ მეორეულ ვიქტიმიზაციას.
ჩვენთვის უცნობია ინფორმაციის გასაჯაროების პირველადი წყარო. შესაბამისად, მოვუწოდებთ ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელ ყველა პირს, ასევე მედიას, თავი შეიკავონ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გასაჯაროებისაგან და უზრუნველყონ აღნიშნული ჩანაწერების აღება საჯარო სივრციდან“, – აცხადებს PHR.
ამ საქმეზე მორიგი სხდომა 16 თებერვალსაა ჩანიშნული.
წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა (ნელი) დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. მას შემდეგ, რაც დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, თბილისში ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. იქ შვილთან ერთად იყო და, როგორც თავად ქალი ამბობდა, მას ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური ძალადობა მიაყენა, ყოფილმა მამამთილმა კი – სიტყვიერი.
პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ამავე თემაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის რეპორტაჟი წინა სხდომიდან:
დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, ოჯახი ამას უარყოფს