ახალი ამბები

„ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

24 იანვარი, 2022 • 1030
„ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. სამინისტროსთან შეკრებილი მოქალაქეები ითხოვენ სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელშიც თავადაც ჩაერთვებიან.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილებისთვის ბინების დროულად გადაცემის მიზნით სამინისტრო მიმდინარე მშენებლობების მქონე კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო კომპანიებს სთავაზობს უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებას. სწორედ ამ მოლაპარაკებებში ჩართულობას ითხოვენ მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე ყოფილი სანატორიუმის შენობაში ცხოვრობენ:

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი შეთავაზება, რომელიც ჩვენს ინტერესებს არ დააზარალებს. ჩვენ საკმარისი ზარალი მივიღეთ უკვე 30 წლის წინ და ამ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ეს პროცესი უნდა წარიმართოს ჩვენს სასარგებლოდ“ ,- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ავარიული კორპუსი თბილისის ზღვის მიმდებარედ — ე.წ. “სანატორიუმი ქართლი” — სახარბიელო მდგომარეობაში არც აქამდე ყოფილა. ერთ-ერთი ადგილობრივი “ნეტგაზეთს” დეკემბერში უყვებოდა, რომ შენობის კედლები დაბზარულია, საძირკველში კი წყალი დგას.

ამ ფონზე, “ქართლში” მცხოვრები დევნილები აქამდეც მოითხოვდნენ ახალი ბინებით დროულად უზრუნველყოფას, თუმცა პრობლემა ბოლო 2 კვირაში მეტად გამწვავდა: ადგილობრივთა თქმით, დეკემბრის ბოლოს კორპუსს ბზარები დაემატა, 10 იანვარს კი მის ერთ-ერთ სადარბაზოში ჭერი ჩამოინგრა.

სახელმწიფო საუბრობს დევნილებისათვის გადასაცემი ბინების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერზე და ავარიული შენობიდან გასაყვანად ადგილობრივებს ორ ალტერნატივას სთავაზობს, თუმცა მათთვის აღნიშნული შეთავაზებები რიგ მიზეზთა გამო მიუღებელია.

ვრცლად წაიკითხეთ:

“ქართლში” მცხოვრები დევნილები შიმშილობას და აქციებს აანონსებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი