ახალი ამბები

ეს გეტოში ცხოვრებას ჰგავს – ავარიულ კორპუსში მცხოვრები დევნილების გასაჭირი

26 დეკემბერი, 2021 • 2629
ეს გეტოში ცხოვრებას ჰგავს – ავარიულ კორპუსში მცხოვრები დევნილების გასაჭირი

თბილისის ზღვის მიმდებარედ, ავარიულ კორპუსში მცხოვრები დევნილები განსახლების პროცესის დაჩქარებასა და ახალი ბინებით დროულად უზრუნველყოფას ითხოვენ. ისინი შენობის გაუარესებულ მდგომარეობაზე ჩივიან, სახელმწიფო კი ამბობს, რომ ხსენებული ოჯახებისთვის ბინებს “მალე” შეიძენს.

“აქ ცხოვრება გეტოში ცხოვრებას ჰგავს”

სანატორიუმი “ქართლი” სახარბიელო მდგომარეობაში არც აქამდე ყოფილა, თუმცა, ადგილობრივი მცხოვრების, თამარ საუთიევას თქმით, მიმდინარე დღეებში შენობაში ახალი ბზარი გაჩნდა. შესაბამისად, იმატა შიშმაც.

“აქ ცხოვრება ჰგავს ცხოვრებას გეტოში, სადაც სამყარო სხვაა, სადაც პრობლემებიც სხვაა და სადაც უჩინარი ხარ”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

მისი სიტყვებით, კორპუსში, სადაც 70-დან 100-მდე ოჯახი ცხოვრობს, კედლები დაბზარულია, საძირკველში კი წყალი დგას. როგორც გვიყვება, პრობლემა ბავშვობიდან ახსოვს, თუმცა, წლებთან ერთად, კორპუსში ცხოვრება უფრო საშიში გახდა.

“აქ ის ადამიანები ცხოვრობენ საქართველოს ერთიანობისთვის თავი რომ გაწირეს, ჯანმრთელობა, ოჯახის წევრი/ები დაკარგეს.

მე მამა ინგუში მყავს. იბრძოდა, იმიტომ რომ საქართველო სამშობლოდ მიაჩნია. და რა პასუხს სცემს სახელმწიფო?

ადამიანისთვის სრულიად ღირსებაშემლახველ, ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში აცხოვრებს და გვაიძულებენ დავიჯეროთ, რომ ეს ნორმალურია”, – დასძენს თამარი.

ვითარება კორპუსში. წყარო: Facebook/Tamar Sauti 

როგორც ამბობს, რამდენიმე თვის წინ, როცა ადგილობრივებმა მცირემასშტაბიანი აქციები გამართეს, სახელმწიფომ მათ მოთხოვნებს წერილობით უპასუხა, თუმცა კონკრეტიკის გარეშე.

“უბრალოდ წერია, რომ სახელმწიფო ზოგადად უზრუნველყოფს დევნილებს ბინებით, რადგან როდის მოხდება ეს, არ იციან, რადგან ამ ეტაპზე არანაირი ბინა არ არის შესყიდული… მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. იგივე ვითარებაა, ბზარები კი ემატება და ემატება”.

თამარ სიათიევას თქმით, ადგილობრივთა მოთხოვნაა, დაჩქარდეს განსახლების პროცესი და სახელმწიფომ მოსახლეობა დროულად გადაიყვანოს უსაფრთხო ადგილას.

“უამრავი ადამიანისთვის მთელი მიკრო სამყარო აქ არის, იცით რატომ? სოციალური გარიყულობის ხარისხია მაღალი.

ამ საკითხებით კი არავინ არასდროს დაინტერესებულა. თუმცა დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი ფიზიკური უსაფრთხოებაა, არ მინდა ყოველ დღე იმ შეგრძნებით ვიღვიძებდე, რომ, უი, დღესაც გამიმართლა და გადავრჩი”, – ამატებს ის.

“პირველივე შესაძლებლობისთანავე”

ნაძალადევის რაიონის გამგეობაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ შენობა მართლაც ავარიულ მდგომარეობაშია, თუმცა ამ ეტაპზე ევაკუაციის საჭიროება არ არის.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს: უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტენდერი გამოცხადებულია და დევნილები  შესაძლებლობისთანავე დაკმაყოფილდებიან ბინებით.

“ეს სანატორიუმი იხურება. ყველა იქ მცხოვრებ დევნილს მიღებული აქვს ადმინისტრაციული დაპირება, რაც ნიშნავს, რომ თბილისში პირველივე შესაძლებლობისთანავე ბინა იქნება თუ არა, ისინი უპირობოდ დაკმაყოფილდებიან.

გამოცხადებულია ტენდერი, ჩვენ ბინებს მალე შევიძენთ და ეს დევნილები დაკმაყოფილდებიან”, – გვითხრა მარიკა მათიაშვილმა, დევნილთა სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა.

ვითარება კორპუსში. ფოტო: ზვიად არზიანი 

მათიაშვილს ვკითხეთ, რა ვადებს მოიცავს “მალე”.

“ვერ გეტყვით. მალე არის მალე. დღეს იყო შეხვედრა დევნილებთან. მათ მიღებული აქვთ ადმინისტრაციული დაპირება და იციან, რომ მათთვის ბინები უნდა შევიძინოთ და განვასახლოთ”, – გვიპასუხა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი