ახალი ამბები

სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები ავარიული კორპუსიდან განსახლების მოთხოვნით აქციას მართავენ

10 იანვარი, 2022 • 2851
სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები ავარიული კორპუსიდან განსახლების მოთხოვნით აქციას მართავენ

თბილისის ზღვის დასახლებაში მდებარე ავარიული კორპუსის მოსახლეობა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვს და აცხადებს, რომ ღამეს კორპუსის წინ, კარვებში გაათენებენ. ეს გადაწყვეტილება სანატორიუმ “ქართლში” შესახლებულმა დევნილებმა დღეს, 10 იანვარს, კორპუსის სადარბაზოში ჭერის ჩამონგრევის შემდეგ მიიღეს. ნაძალადევის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

განსახლების პროცესის დაჩქარებას და ახალი ბინებით დროულად უზრუნველყოფას მოსახლეობა რამდენიმე კვირის წინაც ითხოვდა. ამ მოთხოვნით მათ 30 დეკემბერს აქციაც გამართეს და გზის გადაკეტვაც სცადეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ კორპუსში ცხოვრება მათი სიცოცხლისთვის საშიშია. ნაძალადევის რაიონის გამგეობა და დევნილთა სააგენტო კი მათ დროებით ნაქირავებ ბინებში გადაყვანას სთავაზობს.

ფოტო: კადრი “ფორმულას” ეთერიდან

სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საცხოვრებელი კორპუსი ავარიულია, რის გამოც დევნილთა სააგენტომ შენობაში მცხოვრებ ყველა ოჯახზე ადმინისტრაციული დაპირება გასცა და მათ განსახლების ორი გზა შესთავაზა:

“იძულებით გადაადგილებულ პირებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილი ოჯახის მიერ ბინის მოძიების შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში, ხოლო ბინის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს”, – განმარტებულია განცხადებაში.

სააგენტოს თქმით, მათ ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებ ოჯახებთან და ამ შეთავაზების შესახებ მათთვის ცნობილია.

ადგილობრივებს სახელმწიფო უწყებების დაპირების არ სჯერათ და ამბობენ, რომ ამ ყველაფერს დრო დასჭირდება, მანამდე კი კორპუსის წინ კარვების გაშლას აანონსებენ.

“თქვენ თვითონ მოიძიეთ და თანხას ჩაგირიცხავთო. ახლა ეს დასაჯერებელია? დღეს ამაზეც არაა ლაპარაკი… ახლა ქირით გაყვანა უნდათ, ალბათ გაგვიყვანენ, ერთი-ორი თვე გადაიხდიან და მერე კარგად იყავი…”, – ამბობს კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები “ფორმულასთან”.

“არ მინდა, ქირას და გადასვლას დრო სჭირდება და მომიტანე კარავი და დავრჩები აგერ”, – უთხრა კორპუსის კიდევ ერთმა მცხოვრებმა ადგილზე მისულ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, დავით გურამიშვილს, როდესაც ჟურნალისტებთან ზემოთ ხსენებულ განსახლების გზებზე საუბრობდა.

გარეკანის ფოტო: კადრი “ფორმულას” ეთერიდან

ეს გეტოში ცხოვრებას ჰგავს – ავარიულ კორპუსში მცხოვრები დევნილების გასაჭირი

მასალების გადაბეჭდვის წესი