საზოგადოება

ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს

13 იანვარი, 2022 • 2082
ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ვეტო არ დაადო. ამის შესახებ მან განცხადება დღეს, 13 იანვარს, გაავრცელა.

ზურაბიშვილის განმარტებით, მან ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რადგან ცვლილელები ითვალისწინებს სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას.

მისი თქმით, ამგვარ სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა „ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას”.

„სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის.

თუმცა მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე. მით უმეტეს, რომ დაჩქარებული წესით მისი განხილვის საჭიროება არაფრით არ ყოფილა გამართლებული.

მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო და სივრცე არ ეთმობა“, – ნათქვამია პრეზიდენის განცხადებაში.

ზურაბიშვილის შეფასებით, ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე.

„მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება.

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება, რასაც ვიზიარებ და გამოვხატავ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას. ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი იქნება მოძიებული, რათა ახლად შექმნილ ერთ-ერთ სამსახურში სახელმწიფო ინსპექტორს მიეცეს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით. მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ასევე განაპირობებს დანარჩენი თანამშრომლების დამოუკიდებლობის ხარისხს“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.


პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი 30 დეკემბერს მიიღო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით 3 დღეში განიხილა.

კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად იქმნება ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას აკრიტიკებენ როგორც ოპოზიციის წევრები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად სახელმწიფო ინსპექტორი.

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან.  მისი თქმით, ახალი კანონით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება. მან 30 დეკემბერს განაცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პარლამენტის მიღებულ კანონს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ვეტოს დაადებს.

პრეზიდენტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი