ახალი ამბები

ინსპექტორის სამსახურის გაუქმება საშიში გზავნილია სხვებისთვის — გაერო

14 იანვარი, 2022 • 1924
ინსპექტორის სამსახურის გაუქმება საშიში გზავნილია სხვებისთვის — გაერო

გაერთიანებული ერების წარმომადგენლობა საქართველოში შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება საშიშ გზავნილს წარმოადგენს სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტებისთვისაც.

„ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესაბამისი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემაშინებელ გზავნილია ადამიანის უფლებათა დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტებისათვის.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა საშიშ გზავნილს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტებისთვის“, — აცხადებს გაეროს წარმომადგენლობა.

წარმომადგენლობა შეშფოთებულია იმითაც, რომ ახლად შექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატის ფარგლებში შემავალი დანაშაულების სიის გაზრდა იწვევს უწყების გადატვირთვისა და თავდაპირველი მისიიდან აცდენის რისკს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების აზრი ამ გადაწყვეტილებების (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების) საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ“, — წერია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ვეტო არ დაადო. ამის შესახებ ცნობილი 13 იანვარს გახდა.

ზურაბიშვილის განმარტებით, მან ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რადგან ცვლილებები ითვალისწინებს სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას.

მისი თქმით, ამგვარ სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა „ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას”.

„სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის.

თუმცა მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე. მით უმეტეს, რომ დაჩქარებული წესით მისი განხილვის საჭიროება არაფრით არ ყოფილა გამართლებული.

მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო და სივრცე არ ეთმობა“, – ნათქვამია პრეზიდენის განცხადებაში.

ზურაბიშვილის შეფასებით, ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე.

„მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება.

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება, რასაც ვიზიარებ და გამოვხატავ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას. ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი იქნება მოძიებული, რათა ახლად შექმნილ ერთ-ერთ სამსახურში სახელმწიფო ინსპექტორს მიეცეს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით. მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ასევე განაპირობებს დანარჩენი თანამშრომლების დამოუკიდებლობის ხარისხს“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.


პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი 30 დეკემბერს მიიღო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით 3 დღეში განიხილა.

კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად იქმნება ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას აკრიტიკებენ როგორც ოპოზიციის წევრები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად სახელმწიფო ინსპექტორი.

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან.  მისი თქმით, ახალი კანონით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება. მან 30 დეკემბერს განაცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პარლამენტის მიღებულ კანონს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ვეტოს დაადებს.

პრეზიდენტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი