ახალი ამბები

ბაიდენმა უკრაინაში “მცირე შეჭრაზე” საკამათო განცხადება განმარტა

21 იანვარი, 2022 • 1704
ბაიდენმა უკრაინაში “მცირე შეჭრაზე” საკამათო განცხადება განმარტა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განმარტა უკრაინის კონტექსტში “მცირე შეჭრასთან” დაკავშირებულ განცხადება, რომელმაც კრიტიკა გამოიწვია.

“მე აბსოლუტურად მკაფიო ვიყავი პრეზიდენტ პუტინთან და მისთვის გასაგებია- თუკი უკრაინის საზღვართან დაჯგუფებული რომელიმე ქვედანაყოფები გადაკვეთს საზღვარს, ეს არის შეჭრა. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თუ პუტინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რუსეთს ძვირი ფასის გადახდა მოუწევს“, — დააზუსტა ბაიდენმა.

მისი თქმით, ასევე პოტენციურად შესაძლებელია რუსეთმა მიმართოს კიბერთავდასხმას ან პარამილიტარულ აქტივობას, რომელსაც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების კოორდინებული პასუხი დასჭირდება.

მანამდე კრიტიკა გამოიწვია 20 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულმა კომენტარმა. ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და აშშ-ის, ნატოსა და მოკავშირეების პასუხზე საუბრისას განაცხადა:

„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამს რუსეთი – ერთია, თუ ეს იქნება მცირე შეჭრა და ჩვენ დავიწყეთ იმის შესახებ კამათი, რა გავაკეთოთ და რა არ გავაკეთოთ. მაგრამ თუ ისინი მართლაც გააკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ იმ ძალით, რომელიც საზღვართან არის მობილიზებული, თუ კიდევ შეიჭრებიან უკრაინაში, სრული კატასტროფა იქნება რუსეთისათვის. ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მზად არიან, მაღალი ფასი გადაახდევინონ და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ რუსეთსა და რუსეთის ეკონომიკას“, – თქვა ბაიდენმა.

მოგვიანებით თეთრმა სახლმა ბაიდენის განცხადება განმარტა. მათი თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განუცხადა ვლადიმერ პუტინს: „თუკი რუსული სამხედრო ძალა რაიმე სახით გასცდება უკრაინის საზღვარს, ეს არის განახლებული შეჭრა, რასაც მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისგან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი