საზოგადოება

თეთრი სახლი განმარტავს ბაიდენის რემარკას უკრაინაში „მცირედ შეჭრაზე“

20 იანვარი, 2022 • 1485
თეთრი სახლი განმარტავს ბაიდენის რემარკას უკრაინაში „მცირედ შეჭრაზე“

თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განუცხადა ვლადიმერ პუტინს: „თუკი რუსული სამხედრო ძალა რაიმე სახით გასცდება უკრაინის საზღვარს, ეს არის განახლებული შეჭრა, რასაც მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისგან“.

ეს განმარტება თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და ამის შესახებ აშშ-ის, ნატოსა და მოკავშირეების პასუხზე ისაუბრა.

ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, რატომ უნდა ეშინოდეს ვლადიმერ პუტინს ახალი სანქციების, როდესაც წარსულში სანქციები მის შესაკავებლად ეფექტური არ გამოდგა:

„მას [ვლადიმერ პუტინს] არასოდეს უნახავს ისეთი სანქციები, როგორსაც შევპირდი, რაც რუსეთს დაუწესდება, თუკი ის ნაბიჯს გადადგამს“, – განაცხადა ბაიდენმა და დასძინა:

„ჩვენ ახლა ასეთ სიტუაციაში ვართ: ჩვენ [მე და ვლადიმერ პუტინს] ძალიან გულფწრფელი საუბრები გვქონდა. და მე არ მჯერა, რომ ნატო არ იქნება ერთიანი. მე ვესაუბრე ყველა მნიშვნელოვან ლიდერს ნატო-რუსეთის სამიტზე, ეუთოში და ა.შ.. ასე რომ, მგონია, რუსეთი პასუხს აგებს, თუკი [უკრაინაში] შეიჭრება.

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამს რუსეთი – ერთია, თუ ეს იქნება მცირე შეჭრა და ჩვენ დავიწყეთ იმის შესახებ კამათი, რა გავაკეთოთ და რა არ გავაკეთოთ. მაგრამ თუ ისინი მართლაც გააკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ იმ ძალით, რომელიც საზღვართან არის მობილიზებული, თუ კიდევ შეიჭრებიან უკრაინაში, სრული კატასტროფა იქნება რუსეთისათვის. ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მზად არიან, მაღალი ფასი გადაახდევინონ და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ რუსეთსა და რუსეთის ეკონომიკას.

„სამხედრო კუთხით მათ აქვთ აბსოლუტური უპირატესობა უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ მათ მოუწევთ მძიმე ფასის გადახდა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, თუკი შეიჭრებიან“, – განაცხადა ბაიდენმა.

„ჩვენ გავამაგრებთ ნატოს პარტნიორებს, და მე ეს ვუთხარი მათ … უკვე 600 000 მილიონი დოლარის ღირებულების სერიოზული აღჭურვილობა გავუგზავნე უკრაინელებს“, – განაცხადა ასევე ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე დასძინა, რომ კვლავ ფიქრობს, პრეზიდენტ პუტინს „არ სურს სრულმასშტაბიანი ომი“.

მოგვიანებით გავრცელებულ განმარტებაში თეთრი სახლის პრესპიკერმა ასევე განაცხადა:

„პრეზიდენტმა ბაიდენმა დიდი ხნის გამოცდილებიდან ასევე იცის, რომ რუსეთს აქვს აგრესიის ვრცელი კრებული, რომელიც სამხედრო ქმედებას არ მოიცავს, თუმცა მოიცავს კიბერთავდასხმებსა და პარამილიტარულ ტაქტიკას. და პრეზიდენტმა დღეს დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ აქტებს მოჰყვება გადამწყვეტი ერთიანი საპასუხო ნაბიჯი“.


რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან. გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს. რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა, არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

დიპლომატიური მოლაპარაკაბები როგორც აშშ-თან ორმხივ, ისე ნატო-ს ფორმატში გრძელდება და მოსკოვი დასავლეთისგან წერილობით საპასუხო წინადადებებს ელის.

ამავდროულად, კიევმა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვა, მიაწოდონ იარაღი, რათა თავდაცვა მოახერხონ.

რუსეთის მიერ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის რისკის ფონზე, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგება დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი