ახალი ამბები

„რუსეთს მწვანე შუქი ენთება“ – უკრაინელი მაღალჩინოსანი ბაიდენის რემარკაზე [CNN]

20 იანვარი, 2022 • 1928
„რუსეთს მწვანე შუქი ენთება“ – უკრაინელი მაღალჩინოსანი ბაიდენის რემარკაზე [CNN]

CNN-ის ცნობით, უკრაინის ხელისუფლებაში მათი კონფიდენციალური წყარო ამბობს, რომ კიევი შოკირებულია შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რემარკით უკრაინაში რუსეთის „მცირედ შეჭრაზე“.

„ეს უნთებს მწვანე შუქს პუტინს, რომ თუკი მოესურვება, შეიჭრას უკრაინაში“, – CNN-ის ცნობით, ასე შეაფასა ბაიდენის ნათქვამი ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა , რომლის ვინაობასაც ტელევიზია არ ასახელებს.

ტელეარხის ცნობითვე, უკრაინელმა მაღალჩინოსანმა CNN-ის რეპორტიორთან საუბრისას თქვა, რომ  „შოკირებულია“ იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი განასხვავებს „სრულმასშტაბიან შეჭრასა და მცირედ შეჭრას“.

CNN-ის თანახმად, წყარო ამბობს, რომ აქამდე არასოდეს სმენია მსგავსი განცხადება შტატების ადმინისტრაციისგან და „კიევი გაოცებულია“.

ბაიდენის რემარკა

რამდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტობის ერთი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, რატომ უნდა ეშინოდეს ვლადიმერ პუტინს ახალი სანქციების, როდესაც წარსულში სანქციები მის შესაკავებლად ეფექტური არ გამოდგა:

„მას [ვლადიმერ პუტინს] არასოდეს უნახავს ისეთი სანქციები, როგორსაც შევპირდი, რაც რუსეთს დაუწესდება, თუკი ის ნაბიჯს გადადგამს“, – განაცხადა ბაიდენმა და დასძინა:

„ჩვენ ახლა ასეთ სიტუაციაში ვართ: ჩვენ [მე და ვლადიმერ პუტინს] ძალიან გულწრფელი საუბრები გვქონდა. და მე არ მჯერა, რომ ნატო არ იქნება ერთიანი. მე ვესაუბრე ყველა მნიშვნელოვან ლიდერს ნატო-რუსეთის სამიტზე, ეუთოში და ა.შ. ასე რომ, მგონია, რუსეთი პასუხს აგებს, თუკი [უკრაინაში] შეიჭრება.

და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამს რუსეთი– ერთია, თუ ეს იქნება მცირე შეჭრა და ჩვენ დავიწყეთ იმის შესახებ კამათი, რა გავაკეთოთ და რა არ გავაკეთოთ. მაგრამ თუ ისინი მართლაც გააკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ იმ ძალით, რომელიც საზღვართან არის მობილიზებული, თუ კიდევ შეიჭრებიან უკრაინაში, სრული კატასტროფა იქნება რუსეთისათვის. ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მზად არიან, მაღალი ფასი გადაახდევინონ და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ რუსეთსა და რუსეთის ეკონომიკას“.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ კვლავ ფიქრობს, პრეზიდენტ პუტინს „არ სურს სრულმასშტაბიანი ომი“.

თეთრი სახლის განმარტება

მოგვიანებით თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ განმარტება გაავრცელა ბაიდენის კომენტარზე და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განუცხადა ვლადიმერ პუტინს:

„თუკი რუსული სამხედრო ძალა რაიმე სახით გასცდება უკრაინის საზღვარს, ეს არის განახლებული შეჭრა, რასაც მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისგან“.

თეთრი სახლის პრე-სპიკერმა ასევე განაცხადა:

„პრეზიდენტმა ბაიდენმა დიდი ხნის გამოცდილებიდან ასევე იცის, რომ რუსეთს აქვს აგრესიის ვრცელი კრებული, რომელიც არ მოიცავს სამხედრო ქმედებას, თუმცა მოიცავს კიბერთავდასხმებსა და პარამილიტარისტულ ტაქტიკას. და მან დღეს დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ აქტებს გადამწყვეტი ერთიანი საპასუხო ნაბიჯი მოჰყვება“.

კონტექსტი

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან. გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს. რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა, არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

დიპლომატიური მოლაპარაკებები როგორც აშშ-თან ორმხრივ, ისე ნატო-ს ფორმატში გრძელდება და მოსკოვი დასავლეთისგან წერილობით საპასუხო წინადადებებს ელის.

ამავდროულად, კიევმა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვა, მიაწოდონ იარაღი, რათა თავდაცვა მოახერხონ.

რუსეთის მიერ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის რისკის ფონზე, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგება დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი