ახალი ამბები

19 იანვარს ენტონი ბლინკენი კიევში ზელენსკის შეხვდება

19 იანვარი, 2022 • 1683
19 იანვარს ენტონი ბლინკენი კიევში ზელენსკის შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 19-20 იანვარს ბერლინსა და კიევს ეწვევა და ოფიციალურ ვიზიტებს გამართავს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, ვიზიტების მთავარი მიზანი მოკავშირეებთან იმ საფრთხეების განხილვაა, რომლის წინაშეც უკრაინა დგას რუსეთის ქმედებების გამო.

„სახელმწიფო მდივნის ვიზიტი დაიწყება 19 იანვარს კიევში, სადაც ის შეხვდება პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმინრო კულებას შეხვდება, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთანავე, ბლინკენი შეხვდება უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს, მეორე დღეს კი ბერლინში გაემგზავრება.

„სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და კონსულტაციები დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია, რათა რუსეთის მიერ სამხედროთა მობილიზებით გამოწვეული დაძაბულობისა და უკრაინის მიმართ განგრძობადი აგრესიის დეესკალაცია მოხდეს“, – წერია განცხადებაში.


მოსკოვი, მიუხედავად იმისა, რომ 100 000 ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან, უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმებს. მოსკოვში აცხადებენ, რომ სამხედრო რეაგირება ექნებათ, თუკი დასავლეთი არ დაეთანხმება გარკვეული მოთხოვნების ჩამონათვალს, მათ შორის უკრაინის ნატოში გაწევრიანების აკრძალვას.

რუსეთი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ეგზისტენციალურ საფრთხედ განიხილავს.

თუმცა ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები უარს აცხადებენ ოფიციალური მოსკოვის მოთხოვნების შესრულებაზე. გასულ კვირას რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებები და მასთან დაკავშირებული ნატოსა და რუსეთის შეხვედრა ბრიუსელში შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ამის შემდეგ კიევმა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვა, მიაწოდონ იარაღი, რათა თავდაცვა მოახერხონ.

რუსეთის მიერ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის რისკის ფონზე, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის მომარაგება დაიწყო თავდაცვითი, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით.

ნახეთ ასევე:

ბერბოკი რუსეთის ქმედებებზე: რთულია, მუქარად არ მივიჩნიოთ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი