ახალი ამბები

ბერბოკი რუსეთის ქმედებებზე: რთულია, მუქარად არ მივიჩნიოთ

18 იანვარი, 2022 • 1705
ბერბოკი რუსეთის ქმედებებზე: რთულია, მუქარად არ მივიჩნიოთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალინა ბერბოკი ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზებას „გასაგები მიზეზი არ აქვს“ და „რთულია, ეს მუქარად არ მივიჩნიოთ“.

ბერბოკი დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი საერთო პრესკონფერენცია გამართეს. კითხვების ძირითადი ნაწილი უკრაინას ეხებოდა.

„ჩვენ საერთო ევროპულ სახლში მშვიდობა ვერ დაისადგურებს, თუ არ იარსებებს წესები, რომელსაც ყველა დაეყრდნობა. და ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარდა ამ წესების დაცვისა, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ამისთვის დიდი ეკონომიკური ფასის გადახდა მოგვიწევს“, – თქვა ბერბოკმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია არავის ემუქრება და თავად არის მუქარების სამიზნე.

„ჩვენ არ ვემუქრებით არავის. ჩვენ თავად გვესმის მუქარები. იმედია, ეს უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ ემოციურად საუბრობენ. თუმცა გარკვეული ძალები ცდილობენ სიტუაციის არევას. დავაკვირდებით რეალურ ნაბიჯებს და ამის მიხედვით გვექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ლავროვმა 18 იანვარს პრესკონფერენციაზე.

პრესკონფერენცია მოსკოვში გაიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბარბოკთან შეხვედრის შემდეგ, სადაც დიპლომატებმა, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შესახებაც ისაუბრეს.

„ესკალაცია, რის შესახებაც ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი საუბრობს, რეალურად გულისხმობს ჩვენსავე ტერიტორიაზე, ჩვენს საზღვართან წვრთნებს, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს“, – განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვი დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მოსკოვი, მიუხედავად იმისა, რომ 100 000 ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან, უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმას.

მოსკოვში აცხადებენ, რომ სამხედრო რეაგირება ექნებათ, თუკი დასავლეთი არ დაეთანხმება გარკვეული მოთხოვნების ჩამონათვალს, მათ შორის კიევის ნატოში გაწევრიანების აკრძალვას.

„როდესაც აქვთ მოთხოვნა, რომ უკან გავიწვიოთ ჯარისკაცები, ამის ფონზე ვხედავთ, თუ რა ხდება ნატოს საზღვრებში – ჯარისკაცების გაგზავნა ოკეანის გაღმიდან… ორმაგ სტანდარტებს ვხედავთ“, – განაცხადა ლავროვმა.

„რაც შეეხება თქვენს კითხვას გერმანიის „მუქარაზე“, ვერ წარმომიდგენია, რატომ გადადგამდა გერმანიის მთავრობა ამ ნაბიჯს. ჩვენ არ ვხედავთ არანაირ მიზეზს ახალი კონფლიქტისთვის, ამის საფუძველი არ მიგვიცია“, – განაცხადა ლავროვმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად.

ლავროვმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ უკრაინა „მინსკის შეთანხმებას ძირს უთხრის“:

„შეთავაზებები, რაც გადავეცით აშშ-სა და ნატოს, ემყარება მყარ საფუძველს, ემყარება შეთანხმებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ეუთოს სტამბოლის 1999 წლის სამიტზე და ასტანაში 2010 წელს. ეს შეთანხმება ცხადად ამბობს, რომ დიახ, ყველა ქვეყანას შეუძლია, აირჩიოს საკუთარი მოკავშირე, მაგრამ იმავე წინანადადებაში ასევე ამბობს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება, ისე, რომ სხვა ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი არ მიაყენოს“.

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას რუსეთი ეგზისტენციალურ საფრთხედ განიხილავს. ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები უარს აცხადებენ მოსკოვის მოთხოვნების შესრულებაზე.


გასულ კვირას რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებები და მასთან დაკავშირებული ნატო-რუსეთის შეხვედრა ბრიუსელში შეთანხმების გარეშე დასრულდა. რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ბოლო ხანებია განსაკუთრებით დაიძაბა.

დასავლური სახელმწიფოების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი მძიმე სანქციების წინაშე აღმოჩნდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამ ქმედებას სერიოზული შედეგები მოჰყვება და მოსკოვს ეს ძვირად დაუჯდება 2014 წელთან შედარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი